ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს

ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დასასრულს უახლოვდება 4 ჰა ფართობის მამულის გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და გრძელდება ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოები.
„ლევილის მამულში გალავნის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესი კულტურის სამინისტრომ, 2022 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის განკარგულების (#1962, 2022 წლის 28 ოქტომბერი) შესაბამისად დაიწყო. ჩატარდა ბაზრის კვლევა და სამუშაოების შესასრულებლად შეირჩა კომპანია (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება #1922). სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც ფრანგული სააქციო საზოგადოება „დიუბოკი“ ასრულებდა, მოიცავდა 1053 მ2 ფართობს და ითვალისწინებდა გალავნის კედლისა და მისი კრამიტით დაფარული გვირგვინის სრულ განახლებას. ამ სამუშაოების ღირებულებაა 376 694,56 ევრო.
ლევილის მამულის გუშაგის სახლში, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე, ემიგრანტი ქალბატონი ნამეტია გოგუაძე ცხოვრობდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ნოემბრის განკარგულება #2022). შიდა სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ფასადის შეკეთება და გადახურვა მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895,74 ევრო.
მამულის შატოს აზბესტისაგან გაწმენდა და სახურავის სრული რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება.
ლევილის მამულის რეაბილიტაციის გლობალური პროცესი კი, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანახმად, 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.
2022 წლის სექტემბერში კულტურის სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგება და სანიტარიული ჭრა დაიწყო, რაც მამულში 30 წლის მანძილზე არ გაკეთებულა. მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, მამულის პარკში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად შესრულდა და 2022 წლის დეკემბერში დამთავრდა. ამ სამუშაოების ღირებულება იყო 12 000 ევრო. ამასთანავე, კულტურის სამინისტროს კონსულტანტმა ლევილის მამულის პარკის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის საკითხებში, ვერსალის სამეფო ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ვერსალის მუნიციპალიტეტის დიდი პარკის კომუნათა გაერთიანების სერვისების გენერალურმა დირექტორმა მანუელ პლუვინაჟმა მამულის ხეხილი პარკის განვითარების კონცეფციაში მათ სათანადოდ წარმოსადგენად სრულად აღრიცხა.
საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836) აღებული ვალდებულების შესაბამისად, ლევილის მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას წინ უძღოდა მამულის პარკში ხეხილის აღწერის პროცესი. მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით 2023 წლიდან თანამშრომლობა გაგრძელდება ფრანგულ კომპანია Scop Val’Emploi-სთან. 2023 წლის განმავლობაში კომპანია რამდენჯერმე მიიღებს მონაწილეობას მამულის ტერიტორიის მოწესრიგებაში. გარდა ამისა, კომპანიამ მანუელ პლუვინაჟთან ერთად განსაზღვრა მიმდინარე წელს ხეხილის მოვლისთვის საჭირო სამუშაოები (დაახლოებით 30 ხის გადაბელვა-მოჭრა), რომელთა ღირებულება ყველა ხარჯის გათვალისწინებით იქნება 5 977,80 ევრო.
ასევე, 2022 წელს, კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა ლევილის მამულში ინვენტარიზაციის პროცესი დაასრულეს. ამასთან, შატოს სხვენში წლების მანძილზე ჩადიოდა წყალი, რაც აზიანებდა სხვენს და მთელ შატოს. შატოს რეაბილიტაციის დაწყებამდე, 2021 წელს და 2022 წლის ნოემბერში, კულტურის სამინისტროს ძალისხმევით შეკეთდა სხვენის სახურავი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები