საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

შსს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო დროშები ასევე დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ოკუპაციის ასიათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები