აკია ბარბაქაძე: ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, შევიკრიბებით ყველა, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი
ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, შევიკრიბებით აქ მყოფი პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ საქართველოს პარლამენტის შენობასთან, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ხალხი არ უნდა დაიღალოს, ორშაბათს ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ.
„ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს, შევიკრიბებით, ამ საბჭოში შევა ყველა, აქ მყოფი პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი, ყველა პარტიას დაველაპარაკებით კიდევ ერთხელ და ვიტყვით – ძალა ერთობაშია! ეს გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს მონობა, რომელიც აქ არის! აი, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით, აი, მაშინ ექნება ფასი ჩვენს თანადგომას და სოლიდარობას, თორემ, ახლა „უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ეს არის ჩვენი რეალობა, აი, აქ ვართ ჩვენ დღეს.
ორშაბათს, არ უნდა დავიღალოთ, უნდა გამოხვიდეთ, მეტი არაფერია საჭირო, უნდა გამოხვიდეთ, მოითხოვოთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენ გექნებათ ღირსეული ცხოვრება.