“დნესტრისპირეთზე თავდასხმა თუ იქნება, ეს რუსეთზე თავდასხმად აღიქმება” – რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დნესტრისპირეთში ნებისმიერ პროვოკაციაზე “ადეკვატური” პასუხი ექნებათ.
უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “მოლდოვის საზღვართან უკრაინის ქვედანაყოფების და სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დაგროვება, არტილერიის განლაგება დააფიქსირა, ასევე, დნესტრისპირეთის ტერიტორიის თავზე დრონების უპრეცედენტო ზრდა”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა შეერთებული შტატები, ნატო და უკრაინა – თავი შეიკავონ „მორიგი ავანტიურული ნაბიჯებისგან“ და პასუხის გაცემით დაემუქრა.
„არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად უპასუხებენ კიევის რეჟიმის პროვოკაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში და უზრუნველყოფენ ჩვენი თანამემამულეების, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის, ოპერატიული ჯგუფის სამხედრო პერსონალის დაცვას. ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მათ უსაფრთხოებას, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად იქნება განხილული, როგორც თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.