ნინო წილოსანმა და იაპონიის ელჩმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ იმამურა აკირას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაუთმეს.
საუბარი შეეხო აგრარული პოტენციალის განვითარებას და ამ მიმართულებით საქართველოსადმი იაპონიის დახმარების საკითხებს, ასევე გენდერული თანასწორობის კუთხით განსახორციელებელ პროგრამებს. როგორც ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს იაპონიის საელჩოსთან და იაპონიის ელჩთან ხშირად განიხილავს საკითხებს აგრარული მიმართულებით თუ გენდერული თანასწორობის კუთხით, მათ შორის, იმ პროექტებს, რომლებსაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) ახორციელებს საქართველოში.
„ვისაუბრეთ აგრარულ სექტორში ინოვაციების და ტექნოლოგიების თემაზე, ვინაიდან კომიტეტი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს აგრარულ სექტორში უახლესი ტექნოლოგიების შემოტანაზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისადმი იაპონიის დახმარების პროგრამებში ეს გარკვეულწილად იყოს გათვალისწინებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ფერმერებისთვის და პროფესიული განათლების ცენტრებისთვის ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით დამატებითი ცოდნის გადაცემა. მათ შორის, ვისაუბრეთ იმაზეც, რომ საქართველო შეუერთდა თანასწორობის თაობის ფორუმს იმ ვალდებულებით, რომ გაზრდიდა ქალების და გოგონების მონაწილეობას ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში. ამიტომ ამ კუთხით მათი დახმარება, სხვადასხვა შესაძლებლობების გაჩენა იქნება ნამდვილად საინტერესო და მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა. მხარეები თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.