ულრიკ ტიდესტრო: შვედეთი და EU გააგრძელებენ საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ სწრაფვის მხარდაჭერას

შვედეთი და ევროკავშირი გააგრძელებენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს, მისი დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ სწრაფვის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომ თბილისში გამართულ დისკუსიაზე „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ერთი წლის შემდეგ: მშვიდობის ფორმულა“ განაცხადა.

„შვედეთი და ევროკავშირი გააგრძელებენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოს, მისი დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ სწრაფვის მხარდაჭერას.

ახლა დროა, ყველა გავერთიანდეთ, დროა, გავაძლიეროთ ჩვენი მედეგობა, დროა, როგორც ეს უკრაინის მაგალითმა აჩვენა, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება, რაც დემოკრატიის ფუნდამენტური საყრდენია, დროა, გავაუმჯობესოთ თავისუფალი მედია გარემო.

რუსეთმა დაუყოვნებლივ და სრულად უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები, უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. მან დაიწყო ეს ომი და მან უნდა დაასრულოს ის და დაასრულოს ახლავე“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები