შალვა პაპუაშვილი: ქართული საელჩოს კარი ღია იყო მაშინ, როცა ყველა სხვა საელჩო იკეტებოდა, აი, ეს არის ის, თუ როგორ ედგა საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის სახელით უკრაინას გვერდში

დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წამოიწყო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და გვაქვს ერთი წელი, რათა გავაანალიზოთ, მათ შორის ის, რა სახის მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველომ უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უკრაინის მიმართა გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო ამ მდგომარეობაში არ გამოიჩენდა.

„ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ და ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, ჩვენ მივალთ დასკვნამდე, რომ საქართველომ გამოიჩინა ისეთი სოლიდარობა, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო ჩვენნაირ მდგომარეობაში არ გამოიჩენდა. ამას მე ვეუბნები ქართულ საზოგადოებას. მაშინ, როდესაც ალყაშემორტყმულ კიევში, რომელიც იბომბებოდა, იხურებოდა საელჩოები და ცხადდებოდა ევაკუაცია ქართული საელჩოს კარი ერთი წუთითაც არ დაკეტილა და დროშა არ დაწეულა. აი, ეს არის ის, თუ როგორ ედგა საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის სახელით უკრაინას გვერდში. შემდეგ ყველა ჩვენი ნაბიჯი, ყველა ჩვენი მხარდაჭერა გუშინდელი გაერო-ს რეზოლუციის სახით, რომელიც ჩვენი თანაავტორობით იქნა ინიცირებული და მიღებული, აჩვენებს, რომ საქართველომ ერთი სანტიმეტრითაც არ დაიხია მხარდაჭერაში. ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს არ იცავს ნატო-ს ქოლგა, საქართველოს არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, საქართველოში დღესაც დგას საოკუპაციო ჯარი და სწორედ ამ პირობებში იჩენს საქართველო მხარდაჭერას. ყველა, სხვა ვინც არის უკრაინის ალიანსის მხარდამჭერებს შორის, მათ იცავთ ნატო-ს ჯარი, იცავს ევროკავშირი, მათ არ ჰყავთ საოკუპაციო ჯარი მათ ქვეყანაში, ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხალხისა და ამ ხალხის წარმომადგენელი ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის აბსოლუტური, უკომპრომისო.

მე ვსაუბრობ საქართველოს პარლამენტის სახელით და სხვის პოზიციებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტი და რეალობა ხომ არის და ამას ხედავს ყველა. სამწუხაროდ, მცდელობა არის ხოლმე რომ რაღაც აღქმები შექმნან და უკრაინის მხარდაჭერა დაიყვანონ იქამდე, ვინ, საიდან გადაიღებს „სელფს“ და ჩაერთვება ლაივით, რომელი ქალაქიდან. ეს არ არის ის მხარდაჭერა, რომელიც სჭირდება უკრაინას. უკრაინას რაც სჭირდებოდა ქართული დროშა და ქართული საელჩო, რომელიც გახსნილი იყო მაშინ, როცა ყველა სხვა საელჩო იკეტებოდა. აი, ეს იყო სოლიდარობა და მხარდაჭერა. სწორედ მთავრობის პოზიციაა, რომელიც მაშინ დაფიქსირდა, რომ ქართული დროშა არ დაიწია კიევში და სხვა საელჩოების მსგავსად არ დაიხურა ქართული საელჩო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები