„ახალი ცივი ომის პირობებში ვართ, სახეზეა ბირთვული დაშინების და შანტაჟის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ხელმძღვანელი აწარმოებს“ – პოლიტოლოგი ალიკა გუჩუა

„დღეს ახალი ცივი ომის პირობებში ვართ, სახეზეა ბირთვული დაშინების და შანტაჟის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი აწარმოებს“, – ამის შესახებ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა, ალიკა გუჩუამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

პოლიტოლოგმა რუსეთ- უკრაინის ომის დაწყებიდან 1 წლისთავზე უკრაინაში არსებული ვითარება შეაფასა.

„სამწუხაროა, რომ საუბარი კვლავ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გვიწევს. დღეს ომის დაწყებიდან 1 წელი შესრულდა. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტორი, რომ უკრაინის, უკრაინელი ხალხის მედეგობა და მდგრადობა ნამდვილად გასაოცარია, რადგანაც ასეთი დიდი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთულია როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური კუთხით. გვახსოვს ომის პირველი კვირები, როდესაც პირველი ორი კვირა უკრაინისთვის, მისი მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიურად გარდამტეხი პერიოდი იყო. ამ პროცესში უკრაინამ გაიმარჯვა, ირწმუნა, რომ გამარჯვება შეუძლია.

მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა და პოზიცია, თუმცა, გარკვეულწილად დასავლეთის სახელმწიფოებს შორის შეუთანხმებლობაცაა შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთობლივი ძალისხმევით, პოზიციით შეიძლება, ვთქვათ, რომ ხერხდება, უკრაინას ის შესაბამისი დახმარება გაუწიონ, რაც ომის საწარმოებლად სჭირდება.

დღეს ბირთვული უსაფრთხოების შესახებაც გვიწევს საუბარი. კონკრეტულად 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა „სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებიდან“ დროებით რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ეს ფაქტორი სრულიად მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა იყოს, რათა წამყვანი სახელმწიფოები, გლობალური აქტორები სამშვიდობო პროცესში ჩაერთონ. „სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულება“ ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ხელშეკრულებას წარმოადგენდა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა, მსოფლიოში გარკვეულწილად უსაფრთხოდ ვყოფილიყავით. აღნიშნული ხელშეკრულება ბირთვული ობიექტების ინსპექტირებას და კონტროლს ითვალისწინებს. თუმცა, ვხედავთ, რომ რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერება, მის პოტენციალს გაზრდის. ასევე, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ ახალი ბირთვული ცდის ჩატარების მიმართულებით მომზადება დაიწყონ. როგორც მოგეხსნებათ, ბირთვული ცდების ჩატარება აკრძალულია. თუმცა, თუ დავუკვირდებით მიმდინარე პროცესებს, ჩვენ ცივი ომისდროინდელ პირობებს ვუბრუნდებით, დღეს ახალი ცივი ომის პირობებში ვართ, როდესაც სახეზეა ბირთვული დაშინების და ბირთვული შანტაჟის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი აწარმოებს. ბირთვული უსაფრთხოების საკითხი გლობალურ საფრთხეს ეხება“, – განაცხადა გუჩუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები