“ნატო უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს” – განცხადება
უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე, ნატოს ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი სოლიდარობა უკრაინის მთავრობისა და ხალხის მიმართ, ასევე, პირობას დებენ, რომ კიევის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაშია ნათქვამი.
“ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის განუყოფელ უფლებას თავდაცვისა და საკუთარი უსაფრთხოების ზომების არჩევის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ამ ომზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, რაც არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების უხეში დარღვევა.
“ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთზე კოორდინირებულ საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელებას. ჩვენ ასევე ვგმობთ ყველას, მათ შორის ბელარუსს, ვისაც აქტიური წვლილი შეაქვს რუსეთის ომში. არ შეიძლება იყოს დაუსჯელობა რუსული ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკეებისთვის”, – ხაზგასმულია განცხადებაში.
ნატოს ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი და გაიყვანოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის 2023 წლის 23 თებერვალს მიღებული რეზოლუციისა და სხვა შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად.
“რუსეთის ომი ასევე ემუქრება გლობალურ უსაფრთხოებას. რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟი, მისი გავლენა საკვების გლობალურ მარაგზე, მავნე ჰიბრიდული აქტივობები, მსოფლიო დეზინფორმაციული კამპანია და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა, აშკარად მეტყველებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე და მილიარდობით ადამიანის კეთილდღეობაზე მთელ მსოფლიოში”,- ნათქვამია განცხადებაში.