ირაკლი ბერაია: ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გაწევრიანებით ნატო კიდევ უფრო ძლიერი გახდება და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება

მთავარი, რაზეც ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ, უკავშირდება ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას, თავდაცვითი შესაძლებლობების, მედეგობის გაზრდაში დახმარებას, – ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბრიუსელში საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ში წევრობამდეც საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხში.

„ნატო-ში შევხვდით ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს ოპერაციების საკითხებში. ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო რეგიონის უსაფრთხოების გარემო, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში ომის გავლენა, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და მთავარი, რაზეც ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ, უკავშირდება ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერებას, თავდაცვითი შესაძლებლობების, მედეგობის გაზრდაში დახმარებას. ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში ძალიან კარგად ესმით საქართველოს მნიშვნელობა, მხარდაჭერის გაზრდის მნიშვნელობა და ალიანსში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მნიშვნელობა. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის პასუხისმგებლობიანი სახელმწიფო. საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატო-ში წევრობამდეც ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხებში. ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გაწევრიანებით ნატო კიდევ უფრო ძლიერი გახდება და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება“, – განაცხადა ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები