“უკრაინა გაიმარჯვებს, როდესაც რუსეთი ამჟამინდელი სახით აღარ იარსებებს” – ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, როდესაც რუსეთი ამჟამინდელი სახით აღარ იარსებებს.
ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
მისი თქმით, ქვეყანა ახალ ეტაპში შედის, რომლის ამოცანაც გამარჯვებაა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება იქნება 1991 წლის საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან საფრთხის აღმოფხვრა.
“გამარჯვებაა, როდესაც უკრაინა იქნება სუვერენული და დამოუკიდებელი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. წარმატებული, მდიდარი, ძლიერი და რუსეთი მისი ამჟამინდელი სახით აღარ იქნება. არ იქნება მოსკოვის ტერორისტული რეჟიმი, რომელიც საუბრობს “ძმობაზე” და, ამავდროულად, გენოციდს აწყობს“, – განაცხადა მინისტრმა.
რეზნიკოვი წერს, რომ მტერი ჯერ კიდევ საშიშია და მას ბევრი რესურსი აქვს, მაგრამ სტრატეგიულად ის უკვე დამარცხებულია, უკრაინამ კი საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა, რომ უკრაინას მხარს უჭერს 54 ქვეყნის კოალიცია და თავდაცვის ძალები მეტ იარაღს მიიღებენ, კერძოდ, ტანკებს, ჯავშანტექნიკას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
“ჩვენ უფრო ძლიერად და უფრო დიდ დისტანციებზე დავარტყამთ – ჰაერში, ხმელეთზე, ზღვაზე და კიბერსივრცეში. იქნება ჩვენი კონტრშეტევა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ მის მოსამზადებლად და მისაწოდებლად”, – დაასკვნა მან.