ომის წლისთავზე გაერომ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთს უკრაინიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, შვიდი წინააღმდეგი იყო, 32-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში ნათქვამია:

გაერო მოუწოდებს მისი წესდების პრინციპების დაცვისკენ, რომლებიც საფუძვლად უდევს უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას;

ადასტურებს თავის ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის, მის ტერიტორიულ წყლებში;

იმეორებს თავის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კუთხით;

აღნიშნავს, რომ საჭიროა, მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის არ მოხდეს იმ ობიექტებზე თავდასხმა, განადგურება, ან გამოუსადეგარ მდგომარეობაში მოყვანა, რომლებიც აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენისთვის;

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის, სახლებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებზე;

გაერო ასევე აცხადებს, რომ აუცილებელია უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების სათანადო, სამართლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება, რომ მოხდეს პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა, მოხდეს სასამართლო დევნის დაწყება როგორც ეროვნულ, ისე – საერთაშორისო დონეზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები