“რუსეთს სურს მოლდოვაში შიდა კონფლიქტების გაღვივება” – პოდოლიაკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დნესტრისპირეთში სამხედრო პროვოკაციის მომზადების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, როგორც ჩანს, რუსეთი თავად აპირებს მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისის პროვოცირებას და ამ გზით უკრაინის კონფლიქტიდან ყურადღების გადატანას.
„რუსეთს სურს პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება, კიშინიოვში სერიოზული პროტესტის გამოწვევა, მოლდოვაში შიდა კონფლიქტების გაღვივება… ამგვარად, მოსკოვს სურს ყურადღების გადატანა უკრაინის კონფლიქტიდან“, – განაცხადა მან RaiNews24-თან ინტერვიუში.
რუსეთის თავდაცვის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კიევის რეჟიმი დნესტრისპირეთში სამხედრო პროვოკაციას გეგმავს”. უწყების მტკიცებით, დაგეგმილია, რომ მოხდეს „რუსული ჯარების შეტევის“ინსცენირება და “ამისთვის დივერსანტები რუსულ სამხედრო ფორმაში იქნებიან ჩაცმული”.
რუსეთის თავდაცვით უწყებას მოლდოვის მთავრობაშიც უპასუხეს.
„ჩვენ არ ვადასტურებთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და მოვუწოდებთ საზოგადოებას, თვალი ადევნოთ მოლდოვის რესპუბლიკის ოფიციალურ და სანდო წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ჩვენი ინსტიტუტები თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთან და, ქვეყნისთვის რაიმე საფრთხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.