სერგო ქობულაძის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
24 თებერვალს, 18:30 საათზე, გალერეა „ვერეში“ სერგო ქობულაძის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სერგო ქობულაძის არსებული სერია აერთიანებს სტილისტურად და შინაარსობრივად განსხვავებულ გრაფიკულ ნამუშევრებს – გრაფიკულ ნამუშევრებს კერძო კოლექციიდან.
ესკიზები, ჩანახატები, ეტიუდები, დასრულებული გრაფიკები წარმოაჩენს უნივერსალური ოსტატის ბიოგრაფიასა და მისი შემოქმედების ეტაპებს: „გზას – იდეიდან განხორციელებამდე“.
კოტე ბოლქვაძე:
„შეუძლებელია გულგრილი დარჩეს ვინმე ხელოვანის სინატიფისა და ფილიგრანულობისადმი, რომელიც ამ სერიაში იკვეთება, თითოეული ნამუშევარი დასტურია ქობულაძის მიერ სამყაროს სიღრმისეული წვდომისა. სივრცეები, უსულო საგნები, კულტურული სიმბოლოები, სხვადასხვა პროტაგონისტი, მიზანსცენები, ადამიანები ყოფაში – ეს ნიუანსები თანაბრად აღელვებს და გადმოედინება ფერმწერის გონის სამყაროდან; თითქოს ეს სრულყოფილების კინეტიკა ყველა ამ დეტალს ეფუძნება.
ქობულაძის ტექნიკა, სახვითი სამყარო, გადაწყვეტა, ნიუანსირება იწვევს გაკვირვებას და ესთეტიკურ თანაგრძნობას, ბუნებრივი სილამაზის შეულამაზებელი გადაღვრა ხელოვნებაში მხოლოდ მას ძალუძს. რაციო და სილამაზე, ვნება და ზომიერება, კლასიკა და ავანგარდი ერთიან თანავარსკვლავედს ქმნის.
როდესაც ქობულაძის მოცემულ თუ სხვა ნამუშევრებს ვუყურებთ, რთულია იმის თქმა, რომ იგი XX საუკუნის ქართველი ხელოვანი იყო, რამდენადაც მისი ხელწერა რენასანსული, მიღმიერია – ყველაფრის ცენტრი ადამიანია, დედამიწის გონებრივი სიმეტრია მხოლოდ ადამიანის გონებაზე დგას. ნივთები, სულიერი-უსულო საგნები, მატერიალური ერთეულები ცალსახად ჰუმანისტურ იდეათა სამყაროს ასახავს.
სერგო ქობულაძემ საბჭოთა ხელოვნებას და მის შეზღუდულ იდეოლოგიას ამ გზით აარიდა თავი, მოგზაურობდა აღორძინების ეპოქაში, სადაც ადამიანისა და ინდივიდის ცნებები გაიგივებული იყო ერთმანეთთან. ეს გრაფიკული ნამუშევრების სერია ხელოვანის ერთგვარი დღიურია და კალენდარიც, მისი ყოველდღიურობა რაღაც ამოუხსნელი მარადიულობითაა დამარცხებული“.
მის: თბილისი, ჯანაშიას №9.