შალვა პაპუაშვილი: პარაზიტობაა, როცა ცდილობ – ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ უკრაინაში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო

“პარაზიტობაა, როცა ცდილობ – ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ უკრაინაში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხვალ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ აქციის ორგანიზატორები თავად არ იმყოფებიან ქვეყანაში, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალს.

„რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ამ აქციის ორგანიზატორები, რამდენადაც ვხვდები, საქართველოში არ არიან. მათ შორის, ვიცი, რომ რამდენიმე დეპუტატი მივლინებაში გაემგზავრა ქვეყნის მიღმა. ეს თავისთავად აჩვენებს, რამდენად სერიოზულად უყურებენ ისინი ქართველ ხალხს, რომელსაც მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ და თავად ორგანიზატორები არ არიან საქართველოში.

რაც შეეხება მეორე საკითხს, სოლიდარობის მხრივ, მგონი, როდესაც საუბრობთ უკრაინის პარლამენტზე, არ მოგისმენიათ რამე საყვედური მათი მხრიდან, პირიქით. ეს არის სამწუხარო, რომ ისევ ქართველი პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ და სამწუხაროდ, ქართული მედია აღმოჩნდა ის სეგმენტი, რომელიც ამ თემის განსაკუთრებით გამწვავებას ცდილობს. ჩვენი პოზიცია, მათ შორის, მე პარლამენტის სხდომის დროსაც მოგახსენეთ და იცით. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი ვიზიტით კიევში, ჩვენი უკრაინელი კოლეგების რამდენიმე ვიზიტით, ჩვენი მოწვევით და ჩამოსვლით აქ, საქართველოში, დავამტკიცეთ, რომ ჩვენს პარლამენტებს, კოლეგებს შორის ურთიერთობა არის ძალიან თბილი და ჩვენ ამ თბილ ურთიერთობას ვუფრთხილდებით. ამ თბილ ურთიერთობებს, სამწუხაროდ, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადებები, ბრალდებები…

იყო იქ, მათ შორის, მიმართვა რადას მხრიდან, სადაც საქართველოს პირდაპირ აბრალებენ, რომ აქ არის ადამიანის წამების რეჟიმი. ეს ხომ მოსმენილი გაქვთ. როდესაც თქვენს სამშობლოს, თქვენს ქვეყანას, იმ პოლიტიკოსების, რომლებიც პარლამენტში არიან თუ პარლამენტს გარეთ, მათ სამშობლოს აბრალებენ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ადამიანს აწამებენ, ამ ქვეყანაში ვიღაცას აწამებენ და ყველამ რომ იცის, ეს არის ტყუილი და საერთოდ ხმას რომ არ იღებენ ჩვენი ოპონენტები და თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მხრივ ჩვენ გვერდით არ გვიდგანან, რათა დაიცვან საქართველო ამ პროპაგანდისტული შეტევისგან, ეს არის საწყენი. მაგრამ მთავარი ის არის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში და მრავალჯერ მოხდა ეს, რომ საქართველო იყო უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არც ერთხელ ხელი არ აგვკანკალებია, რომ მხარი დაგვეჭირა უკრაინისთვის, სოლიდარული ვყოფილიყავით მათ მიმართ, იქნებოდა ეს სიტყვით თუ საქმით. ეს არის, რასაც აჩვენებს საქართველო, რასაც აჩვენებს ქართველი ხალხი.

რაც შეეხება იქ წასვლას, აკვირდებით ხომ, დღეს ბევრია, მათ შორის, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში, ვინც პარაზიტობს უკრაინაზე და უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. სწორედ ეს არის პარაზიტობა, როდესაც ცდილობ, ეს ომი გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. როდესაც აქ აანონსებ აქციას და შემდეგ მიდიხარ სხვა ქვეყანაში, უკრაინაში, კიევში იმისთვის, რომ იქ თავი გამოიჩინო, შემდეგ იქიდან ტელეფონით პირდაპირი ჩართვები განახორციელო და პირდაპირ იპარაზიტო უკრაინის ომის თემაზე, სწორედ იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აქ აქციას აანონსებენ და შემდეგ იქ მიდიან, სწორედ ეს არის პარაზიტობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები – „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები