მოლდოვამ დსთ-სთან ხელშეკრულებების შეწყვეტა დაიწყო
მოლდოვის მთავრობამ დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი ხელშეკრულებების შეწყვეტის პროცესი დაიწყო.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა, ნიკოლაე პოპესკუმ Jurnal TV-ს განუცხადა.
„მოლდოვამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდება და საგარეო პოლიტიკის ყველა მიზანი და საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობა ევროინტეგრაციის მიზანს დაექვემდებარება. ცხადია, ჩვენს მიზნებთან შეუთავსებელი, დსთ-ის შეთანხმებებიდან გამოსვლა გაგრძელდება“, – განაცხადა პოპესკუმ.
მან აღნიშნა, რომ 330 შეთანხმებიდან უმეტესობა, რომელსაც რესპუბლიკამ ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში, „არ ფუნქციონირებს ან არ გამოიყენება მოლდოვას სასარგებლოდ“.
თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ადრე ისაუბრა თანამეგობრობასთან კავშირების შენარჩუნებაზე, ვინაიდან საუბარია ასობით შეთანხმებაზე, მათ შორის, ორმხრივზე. მისი თქმით, აუცილებელია დსთ-სთან პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელება მას შემდეგაც, რაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. თუმცა, მოლდოვის ხელმძღვანელს დსთ-ის შეხვედრებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია.