კერძო თეატრების საქმიანობის ხელშესაწყობად კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
დღეს, 22 თებერვალს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“. კონკურსის პირობებსა და ვადებზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი 230 000 ლარს შეადგენს და გამიზნულია საქართველოში მოქმედი კერძო პროფესიული თეატრების გამართული ფუნქციონირებისთვის, კერძო ინიციატივების წასახალისებლად, ქართულ სათეატრო პროცესში კერძო თეატრების როლისა და მნიშვნელობის გასაზრდელად; თანამედროვე ქართულ სათეატრო სივრცეში კონკურენტული გარემოს შექმნისა და შემოქმედებითი პროცესის გასააქტიურებლად.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტრომ 2022 წელს ამავე კონკურსისთვის გამოყო 230 000 ლარი და გაიმარჯვა შვიდმა პროექტმა.
„მიმდინარე კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ თეატრებს, რომელთა დამაარსებლებიც არიან ფიზიკური პირი (პირები) ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი (პირები). საკონკურსოდ მიიღება კერძო პროფესიული თეატრების ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა ხარჯის დასაფინანსებლად (გარდა უცხოეთში გასტროლისა) განკუთვნილი პროექტები. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განცხადების წარმოდგენა.
კონკურსში უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც გამოირჩევა სტაბილური და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობითა და პოპულარობით; პროექტს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა/ახალბედა ხელოვანთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, ასევე მხატვრული მრავალფეროვნების წარმოჩენას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 22 თებერვლიდან 2023 წლის 2 მარტის დღის 12:00 საათამდე, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს „ცხელი ხაზის“ საშუალებით – ტელ N:032 2 022229 ან 599 25 2 1 88, სამუშაო საათებში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 17 მარტისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/E370eH3