ირაკლი მეძმარიაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა პარლამენტის სხდომაზე კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ირაკლი მეძმარიაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს კომიტეტმა შემდეგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განახორციელა: საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით, კომიტეტმა ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო სპორტული ობიექტების დაგეგმვის, დაფინანსების, მშენებლობისა და მართვის პრაქტიკა შეისწავლა და გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა. გასული წლის განმავლობაში, კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივაში, რომლის ფარგლებში, მომზადდა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ხელშემწყობი ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სპორტის გავლენა ეკონომიკაზე. საქართველოს ეკონომიკაში სპორტის წვლილის სრულყოფილად შესაფასებლად, საპარლამენტო კომიტეტის ინიციატივითა და თხოვნით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო შესაბამისი მონაცემების შეგროვება. 2022 წელს კომიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო- საკონსულტაციო საბჭო და დამტკიცდა მისი შემადგენლობა.
„კომიტეტმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, ფიზიკურ აქტივობაში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდობის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და პრევენციული ზომების გატარების მიზნით ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამის განხორციელება დაიწყო. კომიტეტმა, 2022 წელს მოისმინა ,,საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის” შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიში. კომიტეტთან შეიქმნა ,,ახალგაზრდული პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი”, რომელშიც გაერთიანებულია 33 ორგანიზაცია. სამუშაო ჯგუფის შექმნა ეფუძნება ღია მმართველობის პრინციპებს და ემსახურება საჯარო პოლიტიკაში ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების დანერგვას”, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, გასულ წელს საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით, კომიტეტმა 23 სხდომა ჩაატარა და ასევე, საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა საქართველოს რეგიონებში გასვლითი სხდომები გამართა. მისივე თქმით, 2022 წელს კომიტეტში 487 განცხადება შევიდა, რომლებიც რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.