ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი – ხაბეიშვილს ახლა არავინ არაფერს ეკითხება, პარტიის ფორმალური თავმჯდომარეა
“კარგია, რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს, მათ შორის, საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს.
მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილი “ნაცმოძრაობის” ფორმალური თავმჯდომარეა.
„რეალურად რა მოხდა. მათ გამოაცხადეს ბოიკოტი, ამის შემდეგ პარტია და შესაბამისად ფრაქცია დატოვა რომან გოცირიძემ და მიხვდნენ, რომ ბოიკოტი კიდევ უფრო ხელს უწყობს მათ დაშლას. ამის გამო გამოავლინეს კიდევ ერთხელ არათანმიმდევრულობა და გადაწყვიტეს პარლამენტის ბოიკოტის მოხსნა. შემოდიან კომიტეტებზე, მერე ისევ სხვა ვითარება ექნებათ და შეიცვლიან პოზიციას. ეს არათანმიმდევრულობა არის თავიდან ბოლომდე მათი სისუსტის შედეგი. კარგია, კარგია, რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, რაც უფრო მეტად აჩვენებს მათ შორის საკუთარ მხარდამჭერებს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკური ძალაა, მით უკეთესი. ხაბეიშვილს ახლა არავინ არაფერს ეკითხება. ყველამ ვიცით, რომ ის არის ფორმალური თავმჯდომარე და სინამდვილეში კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ ყველაფერს ამ პოლიტიკურ პარტიაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს ამ პარტიაში. არც ხაბეიშვილის სიტყვა და არც მისი რეპუტაცია არავის აინტერესებს“, – განაცხადა კობახიძემ.