ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან იღებენ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, საქველმოქმედო ორგანიზაციები
“1938 წელს კი არის მიღებული FARA-ს კანონი, მაგრამ ის მოქმედებს დღემდე და აქტიურად გამოიყენება. აშშ-ში არაერთი ადამიანია დაჭერილი ამ კანონის საფუძველზე. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, ის საერთოდ არავის დაჭერას არ ითვალისწინებს. ის ითვალისწინებს მხოლოდ გამჭვირვალობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან იღებენ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, საქველმოქმედო ორგანიზაციები და ამის შემდეგ საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას, რა დაიჯეროს.
„არცერთი ადამიანი არ იწოდება ამ კანონპროექტის საფუძველზე უცხოეთის აგენტად. საქმე ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს – ვერცერთ ადამიანს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, ამ კანონპროექტის საფუძველზე ვერ უწოდებ უცხოეთის აგენტს. ამერიკული კანონის მიხედვით, კონკრეტულ ადამიანებს ეწოდებათ უცხოეთის აგენტები, რაც არის ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევა და სრული კატასტროფა. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მე ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის USAID-ში, გაეროს განვითარების პროგრამაში. ეს ორგანიზაციები ახორციელებდნენ ინტერვენციას კონკრეტულ სფეროებში. ეს ინტერვენცია, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს. მაგალითად, გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებდა პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში, რეგიონული განვითარების სფეროში. მე ვიყავი ამ პროექტების მენეჯერი და ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად კეთილშობილური მიზნები – დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელება და რეგიონების განვითარება. არანაირ შეზღუდვებზე არაა საუბარი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან იღებენ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, საქველმოქმედო ორგანიზაციები. ამის შემდეგ საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას, რა დაიჯეროს“, – აცხადებს კობახიძე.