ირაკლი ჩიქოვანი: შს მინისტრის გამოსვლამ დაანგრია ძალიან ბევრი მითი, მათ შორის ის, რომ საქართველო რუსეთის მოქალაქეებმა წალეკეს

„შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელმა გამოსვლამ დაანგრია ძალიან ბევრი მითი, მათ შორის, ის რომ თურმე საქართველო რუსეთის მოქალაქეებმა წალეკეს. ძალიან კონკრეტული ციფრებით, კონკრეტული მაჩვენებლებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვენც, ოპოზიციის წარმომადგენლებო და მთლიანად საზოგადოებას დაანახა, რომ არაფერი განსაკუთრებული ამ თვალსაზრისით, საქართველოში არ ხდება. უფრო მეტიც, ეს ციფრები არ არის იმ დონეზე, რა დონეც ჩვენ პანდემიამდე გვქონდა“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმინეს.

მისი თქმით, მინისტრის დღევანდელმა გამოსვლამ ასევე დაანგრია მითი იმის შესახებ, რომ სამინისტრო დაიცალა პროფესიული კადრებისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროს უჭირს ინსტიტუციური მდგრადობის შენარჩუნება.

„ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ხშირად ვისმენთ თითქოს, სამინისტრო დაიცალა პროფესიული კადრებისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროს უჭირს ინსტიტუციური მდგრადობის შენარჩუნება. მინისტრმა ძალიან მკაფიოდ, კონკრეტული ციფრები წარმოადგინა სადაც დავინახეთ, რომ ეს არ არის განსაკუთრებული მოვლენა. როდესაც სისტემაში ათიათასობით ადამიანი მსახურობს, ათასი ადამიანის დენადობის ციფრი არ არის მაღალი და ესეც კვლავ არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც უკავშირდება იმ ნარატივს, როდესაც ჩვენ ვისმენთ თითქოსდა ქვეყანაში ისეთი საშინელი ვითარებაა, რომ საქართველოში დამრჩენი არავინაა. არის ევროპული სახელმწიფოები, სადაც სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა სექტორში, გაცილებით უფრო მაღალი ანაზღაურებაა, ვიდრე ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ ის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ – ეს გასვლებიც უფრო ნაკლები იქნება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები