ირაკლი ჩიქოვანი: გასული წლის შეჯამებამ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა წარმოგვიდგინა, დაანგრია ძალიან ბევრი მითი, მათ შორის ის, რომ თურმე საქართველო წალეკეს რუსეთის მოქალაქეებმა
შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლამ დაანგრია ძალიან ბევრი მითი, მათ შორის ის, რომ თურმე საქართველო წალეკეს რუსეთის მოქალაქეებმა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, ვახტანგ გომელაურის მიერ „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში წარდგენილ გასული წლის შემაჯამებელ მოხსენებას.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, ახლა უფრო მეტი რუსი მოქალაქე ტოვებს საქართველოს საზღვრებს, ვიდრე შემოდის.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ძალიან დიდი გამოწვევები, რომლებიც არის ყოველდღიურ რეჟიმში და იმ საფრთხეების წინაშე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი სახელმწიფო, მაშინ, როდესაც ძალიან დიდი, ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს უკრაინის წინააღმდეგ და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ, სამინისტრო ამ ამოცანებს უმკლავდება. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დღევანდელმა გამოსვლამ და დღევანდელმა შეჯამებამ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრმა წარმოგვიდგინა, დაანგრია ძალიან ბევრი მითი, მათ შორის ის, რომ თურმე საქართველო წალეკეს რუსეთის მოქალაქეებმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან კონკრეტული ციფრებით, ძალიან კონკრეტული მაჩვენებლებით, თქვენც პატივცემულო ოპოზიციის წარმომადგენლებო და მთლიანად საზოგადოებას დაანახა, რომ ამ თვალსაზრისით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება საქართველოში და უფრო მეტიც, ეს ციფრები არ არის იმ დონეზე, რა დონეზეც გვქონდა პანდემიამდე. ახლა უფრო მეტი რუსი მოქალაქე ტოვებს საქართველოს საზღვრებს, ვიდრე შემოდის და ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმი, რომელშიც საქართველო ოპერირებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.