ირაკლი ჩიქოვანი: როდესაც სისტემაში ათი ათასობით ადამიანი მსახურობს, 1000 ადამიანის გადინების ციფრი არ არის ისეთი მაღალი და ესეც კვლავ არის სპეკულაცია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში წარმოდგენილი წლიური ანგარიში დადებითად შეაფასა.
„მე მგონია, დაინგრა მითი, რომელსაც ჩვენ ხშირად ვისმენთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცალა პროფესიონალი კადრებისგან და შსს-ს უჭირს ინსტიტუციური მდგრადობის შენარჩუნება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ძალიან მკაფიოდ, კონკრეტული ციფრები წარმოადგინა, სადაც დავინახეთ, რომ ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული მოვლენა და როდესაც სისტემაში ათი ათასობით ადამიანი მსახურობს, 1000 ადამიანის გადინების ციფრი არ არის ისეთი მაღალი. ესეც კვლავ არის სპეკულაცია, რომელიც უკავშირდება იმ ნარატივს, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, თითქოს ქვეყანაში არის ისეთი ვითარება, რომ საქართველოში დამრჩენი აღარავინ არის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.