ნოდარ ტურძელაძე: მადლობა მეხანძრე-მაშველებს და პოლიციელებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად
ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის” ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ, საჯაროდ მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს, სტრუქტურის ყველა თანამშრომელს ყოველდღიური მუშაობისა და თავგანწირვისათვის.
„პირველ ყოვლისა, მადლობას ვუხდი მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი სტიქიის შემდეგ პრემიერ-მინისტრის, თქვენი ბრძანებით დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ თურქეთში, გადაარჩინეს არაერთი ადამიანის სიცოცხლე. დღესაც, ჩემი ინფორმაციით მათი გარკვეული ნაწილი იმყოფება იქ და შესაბამის სამსახურებთან ერთად იღებენ ამ მნიშვნელოვან ოპერაციაში მონაწილეობას. გულწრფელი მადლობა თითოეულ მათგანს, რომ თავისი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების მიუხედავად, ისინი აკეთებენ ამ მნიშვნელოვან საქმეს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენს თანამშრომელ პოლიციელებს, საპატრულო ოფიცრებს, თანამშრომლებს ყოველდღიური მუშაობისთვის, რომლებიც ქარში, წვიმაში თუ თოვლში, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად”, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.