დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, რომლის თანახმად ქვეყანამ უნდა დანერგოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტები, რომელიც რადიაციული დაცვის და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. „დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნული კანონი, მაგრამ 2018 წელს, როდესაც საქართველომ უმასპინძლა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა მისიას, მათ ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასეს და მთელი რიგი რეკომენდაციები გაიცა იმისათვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა სრულად იყოს თანხვედრაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნებთან”, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილების მიზანია ადამიანისა და გარემოს დაცვა მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. კომიტეტმა დღეს მთავრობის კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე იმსჯელა.
„შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება ითვალისწინებს შრომითი მიგრაციის რეგულირებისთვის არსებული სამართლებრივი ნორმების დახვეწას და განვითარებას როგორც შრომითი ემიგრაციის, ისე მიგრაციის ეფექტიანად მართვის თვალსაზრისით. როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ საკითხის წარდგენისას აღნიშნა, ცვლილებების მიზანია შეიქმნას საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს: ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობასა და არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას; საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას და განვითარების მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან; შრომითი მიგრანტებისათვის ხარისხიანი საშუამავლო მომსახურების შეთავაზებას, მათი შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას; შუამავალი კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაციას; საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას; ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას და ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელების დასაქმების პროცესის რეგულირებას; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პროფილურ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების გზით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე სამუშაო ბინადრობისა და საიმიგრაციო ვიზის (D1) გაცემის დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდას და უცხოელთა მხრიდან კანონდარღვევების შემცირებას. კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. კომიტეტმა ასევე იმსჯელა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების” (საქართველო – ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი) შესახებ. მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულება ითვალისწინებს ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებას.
პროექტი მოიცავს მაგისტრალური არხების, მეორადი და მესამეული არხების პროექტირებას, მშენებლობას და ზედამხედველობას. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საცხოვრებელი პირობების ხარისხის გაუმჯობესებას, ბუნების დაცვასა და სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების უკეთ მართვას. სესხის მოცულობა 20 მლნ ევროს შეადგენს.
პროექტის განხორციელების ვადად 2023-2028 წლებია განსაზღვრული. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.