დავით ბაქრაძის სიმამრის დაკითხვა დასრულდა
მთავარ პროურატურაში დავით ბაქრაძის სიმამრის ლერი მეტრეველის დაკითხვა დასრულდა. იგი სამართალდამცველთა კითხვებს ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდა. მეტრეველი გამოძიებამ იმ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით დაიბარა, რომელზეც პროკურატურამ მოკვლევა გუშინ დაიწყო. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ლერი მეტრეველმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა.
“მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც მქონდა, მეტს ვერაფერს გეტყვით გაუმჟღავნებლობაზე მომაწერინეს ხელი. ყველაფერი დავადასტურე ისე, როგორც იყო”, – განაცხადა მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანხა 2002 წელს სიმამრისგან მიიღო.
ლერი მეტრეველმა „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან დავით ბაქრაზესა და მაკა მეტრეველს 400 ათასი აშშ დოლარი საკუთარი სახლის გაყიდვის შემდეგ გადასცა.