დარიალის ხეობაში 24 საათიანი მონიტორინგი დაწესდა
20 აგვისტოს დევდორაკის მყინვარზე განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საგანგებო ჯგუფი. მათ მოახდინეს დევდორაკის ვიზუალური დათავლიერება. მონიტორინგის შედეგად მყინვარ დევდორაკზე კვლავ არსებობს სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დარიალის ხეობაში დაწესდეს 24 საათიანი მონიტორინგი, რაც მოგვცემს სტიქიის შესახებ ადრეულად გაფრთხილების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მდინარე დევდორაკსა და ამალთეას შესართავთან დამონტაჟდება ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გაზომავს: ნალექის რაოდენობას, ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას და ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს მიაწვდის. ასევე შემუშავდა და დასრულდა ტექნიკური დავალება, იმ თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობას ონლაინ რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიმდინარეობს პროცედურები ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი კომპანიებიდან.