შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ესპანეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა ესპანეთის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

„ვაფასებთ ესპანეთის დახმარებასა და გვერდში დგომას ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობის კუთხით. ესპანეთი მხარს გვიჭერს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ – საქმით და მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ყველა რეკომენდაციას შეასრულებს. საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანტონიო გუტიერეს ლიმონესის განცხადებით დელეგაციის წევრები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, თუმცა ყველა მათგანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„როდესაც 2023 წლის მეორე ნახევარში ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს, დამატებითი იმპულსი მიეცემა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ესპანეთის პრეზიდენტსაც იგივე სურვილი აქვს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილს”, – აღნიშნა ანტონიო გუტიერეს ლიმონესმა.

შეხვედრაზე, აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა პოზიტიურ და ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობაზე. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები: დავით სონღულაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, თეონა აქუბარდია და დავით ზილფიმიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები