სანდრო თვალჭრელიძე: ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა ისეა აგებული, დასავლური გრანტების, პროგრამების გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება

“ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა ისეა აგებული, დასავლური გრანტების, პროგრამების გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება. ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი უდგანან გვერდში. ევროპელების გარეშე ძალიან გვიჭირს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა, დაუთვლია ვინმეს, რამდენი ოჯახია დამოკიდებული საერთაშორისო გრანტებსა და დახმარებებზე?”, – ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტი ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

“ჩემი აზრით, ეს “ხალხის ძალა” დაფუძნდა იმ მიზნით, რომ აქციონ მეორე პოლუსზე არსებულ რადიკალურ ძალად. საქმე ისაა, ჩვენ სულ ვამბობდით ბოლო წლების განმავლობაში, რომ საჭირო იყო ძალა, რომელიც “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის შუალედურ პოზიციას დაიკავებდა. აქედან გამომდინარე, “ქართულმა ოცნებამ” შემდეგი რამ გადაწყვიტა: საკუთარი თავი წარმოეჩინა ამ შუალედურ ძალად და ერთ პოლუსზე “ნაციონალური მოძრაობა” შემოესკუპებინა და მეორეზე – ეს რაღაც “ხალხის ძალა”. რასაკვირველია, საბოლოოდ ეს არ გამოვა, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამას ცდილობენ. აგერ, მაგალითად, ახლა ამათ მოამზადეს კანონპროექტი “უცხოელი აგენტების შესახებ” თუ როგორც არის, რაც, თავის მხრივ, სრული ნონსენსია. ახლა ამ კანონპროექტს არ მიიღებს “ქართული ოცნება”, თან გვეტყვის, ამ რადიკალური ჯგუფის აზრს არ ვიზიარებ, მე შუალედური პოზიცია მაქვს და ევროპისკენ მივდივარო. თუ დააკვირდებით, ამ თემაზე განცხადებებს აკეთებს ზოგიერთი პოლიტიკოსი, თუმცა მთავრობა დუმს. აგერ ღარიბაშვილი ევროპულ ვიზიტებს არ აცდენს, ახლახან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო, როგორც თვითონ განაცხადა, წარმატებული შეხვედრები გამართა. როცა მას ან რომელიმე მინისტრს ეკითხებიან ამ საკითხზე, ამბობენ, ჩვენთან დემოკრატიაა და ხალხი იმას ამბობს, რაც სურს, მაგრამ ეს სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის, ჩვენი საგარეო კურსი და მისწრაფება უცვლელიაო და ა.შ. მე თუ მკითხავთ, ეს ანტიდასავლური განცხადებები ერთგვარად ჯუჯის ვნებებია, რომლითაც ავსებენ მასმედიას, რათა სერიოზულ საკითხებსა და პრობლემებზე არ ილაპარაკონ. არ მჯერა, რომ ამას სერიოზული გადაწყვეტილებები მოჰყვება, თუნდაც ამ ოდიოზური კანონპროექტის შესახებ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობის რუსეთთან დამოკიდებულება ზედმეტად ფრთხილია, რაც დრო გავა, მით მეტად გამოჩნდება, რომ ეს პოზიცია შეცდომაა.

ჩემი დაკვირვებით, თუნდაც ევროპარლამენტარების პოზიციას და მიღებულ რეზოლუციებს საბოლოოდ დიდი გავლენა არა აქვს ხოლმე ევროკავშირის სახელმწიფოების დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან. ევროპარლამენტმა შეიძლება ნებისმიერ თემაზე მიიღოს რეზოლუცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის სახელმწიფოების მთავრობები იღებენ. ახლანდელი რეზოლუცია ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები ასე კრიტიკულად არ ფასდებოდეს, მაგრამ, ვფიქრობ, უფრო სხვა თემებზეა დადებული ფსონი. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლება ერთგვარად ვაჭრობას ცდილობს ამ რიტორიკით, მეტად დაგვეხმარეთ, სწრაფად მოგვეცით სტატუსი, თორემ აგერ საზოგადოებაში გაჩნდა იმგვარი განწყობა და მოძრაობა, როგორიც “ხალხის ძალააო”. “ქართული ოცნება” ცდილობს ისე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მის ძალაუფლებას მისხალი არ მოაკლდეს, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი პოლიტიკაა, მაგრამ ამას ვერ შევაფასებ ისე, რომ მათ თითქოს ევროინტეგრაციაზე უარის თქმა სურთ.

საქმე ისაა, რომ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა ისეა აგებული, დასავლური გრანტების, პროგრამების გარეშე ქვეყანა ჩამოიშლება. ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი უდგანან გვერდში. ევროპელების გარეშე ძალიან გვიჭირს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა, დაუთვლია ვინმეს, რამდენი ოჯახია დამოკიდებული საერთაშორისო გრანტებსა და დახმარებებზე? ჩემთვის წარმოუდგენელია ამგვარი კანონის მიღება მაშინ, როცა ქვეყანაში ეროვნული ბანკი, სახელმწიფო ბიუჯეტი (ნახავთ, რომ მისი შემოსავლების ნაწილში მუდმივად არის მითითებული საერთაშორისო გრანტები), საბანკო სისტემა, თავდაცვის სამინისტრო და უსაფრთხოება, რეგიონული განვითარება, სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებები საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, USAID-ის, UNDP-ისა და სხვათა პროგრამებსა თუ გრანტებთან ისე მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, რომ მათი დახმარების გარეშე ამ ქვეყნის არსებობა წარმოუდგენელია…

ევროპული ფული რომ არა, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობასაც ვერ დავასრულებთ. ამიტომაც არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ისევე, როგორც არ მჯერა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგება… ბოლოს და ბოლოს, ამ წლის ბოლოს თუ გაისად ეს ომი დასრულდება, რა თქმა უნდა, რუსეთის მარცხით. მაშინ დაიწყება უკვე გარჩევა, ვინ ვის მხარეს იდგა. ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის რიგ ქვეყნებსაც, მაგალითად, სერბეთს, უნგრეთს, ნაწილობრივ ხორვატიას და ა.შ. დადგება დრო, როდესაც ყველას თავისი პოლიტიკური თუ ზნეობრივი ვალის გადახდა მოუწევს. დაახლოებით წლის ბოლოსთვის საქართველოს მოუწევს დაიჭიროს გარკვეული პოზიცია… ასეთი ფრთხილი პოლიტიკა ვერასდროს იცავდა სახელმწიფოებს დარტყმებისგან. პირიქით, გაიხსენეთ, პირველი მსოფლიო ომი როგორ დაიწყო, ავსტრიის ლამის ყველა მოთხოვნა შეასრულა სერბეთმა, მაგრამ ეს მოთხოვნები არ ამოიწურა და საბოლოოდ ომი ვერ აირიდა თავიდან. იმავდროულად, ისე მოქცევაც არ შეიძლება, რისკენაც მოგვიწოდებს “ნაციონალური მოძრაობა”. არ შეიძლება თაგვმა სპილოს ქვები ესროლოს. ჩვენგან არავინ მოითხოვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დახურვა ნამდვილად შეგვიძლია. მოკლედ, განსაზღვრული თემების შემოგდებით ხელისუფლება ამოწმებს უცხოელი პარტნიორების თუ ჩვენი მოსახლეობის რეაქციას და აქედან გამომდინარე ტაქტიკურ სვლებს აკეთებს. ეს ყველაფერი კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ჩვენს ხელისუფლებას სტრატეგია არ გააჩნია, მხოლოდ ტაქტიკურ ნაბიჯებს დგამს, ოღონდ ისე, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური. მე მაინც ძალიან მეეჭვება, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, როგორც უკვე გითხარით, ევროპარლამენტის რეზოლუციები და რეალური გადაწყვეტილებები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. რაც შეეხება სააკაშვილის თემას, სამწუხაროდ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ელიტა იქცევა პრინციპით “ჩემ შემდეგ წარღვნაც მოსულაო”. სწორედ ამგვარად ფიქრობენ და მოქმედებენ ქართველი პოლიტიკოსები, არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაში არიან თუ ხელისუფლებაში. ქვეყანაზე არ ფიქრობენ, მხოლოდ საკუთარ თავზე. სახელმწიფოს ვნებს არა მარტო “ქართული ოცნება” ან “ნაციონალური მოძრაობა”, არამედ, ჩემი აზრით, მთელი პოლიტიკური სპექტრი. თუმცა საკუთარ ინტერესებზეც მხოლოდ მოკლე პერსპექტივით თუ ფიქრობენ, რაღაც მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე დადიან. 6 თებერვალს თურქეთში მიწისძვრის გამო უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მთავრობამ მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად მაშველები გაგზავნა, რაც კარგია, მაგრამ ოპოზიციამ რა გააკეთა? თუ მიუსამძიმრეს მაინც? როგორც ვიცი, მხოლოდ “ლელომ” სცადა აქტიურობა. მაინტერესებს, სად იყვნენ ლევან ხაბეიშვილი ან სხვა პოლიტიკური ძალები. გასაოცარია, რატომ ვერ ხედავენ პრობლემის აქტუალურობას, ვერ იგებენ, როდის რა უნდა თქვან და გააკეთონ… ჩვენ გვყავს ისეთი მთავრობა და ოპოზიცია, როგორსაც ვიმსახურებთ. სწორედ საქართველოს მოსახლეობის გავლენით მოხდა, რომ პოლიტიკიდან ინტელექტუალური ძალა განიდევნა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ვინც ოდნავ გამჭრიახი იყო, ყველა წავიდა, ფაქტობრივად, ახლა ლევან ხაბეიშვილის ინტელექტის იმედად არის დარჩენილი. ასევე ბევრი ღრმად მოაზროვნე პირი წავიდა “ქართული ოცნებიდან”. გიორგი გახარიას სურდა და თავიდან თითქოს ჰქონდა შესაძლებლობაც, რომ ის ცენტრალური პოზიცია დაეკავებინა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის, რაზეც თავში ვილაპარაკე. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობას ის კვლავ ინარჩუნებს და ამისთვის ფინანსური შესაძლებლობაც აქვს. მას ხელს უშლის ის, რომ ასოცირებული იყო ბიძინა ივანიშვილთან, ასევე 20 ივნისის ცნობილი მოვლენები, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, ეს იყო პარლამენტზე შეტევა და იმ ღამეს მან სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. საინტერესოა, რომ ის წამოვიდა ხელისუფლებიდან იმ დროს, როდესაც ყველაზე უფრო პოპულარული ფიგურა იყო არა მარტო “ქართულ ოცნებაში”, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრში. საზოგადოდ, მასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი წყალქვეშა ლოდია, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ის ჭკვიანი კაცია და ექსტრემალური განცხადებებითაც არ გამოირჩევა. ის ბოლო დროს გაჩერებული იყო, ვფიქრობ, თავის ადგილს ეძებდა პოლიტიკურ ასპარეზზე, გეგმავდა, თუ რა უნდა გააკეთოს, მუშაობდა პარტიულ სტრუქტურაზე. არ ვიცი, ჰყავს თუ არა კარგი სტრატეგიული ანალიტიკოსები ან რამდენად უსმენს მათ, მაგრამ თუ მოახერხებს ღრმა და სწორი ანალიზის გაკეთებას და დასკვნების გამოტანას, მაშინ, ვფიქრობ, აქვს წარმატების შანსი. თუ გახარიამ შეძლო ადამიანური და ფინანსური რესურსების მობილიზება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ გამოვრიცხავ, რომ კოალიციური მთავრობის ერთ-ერთ სუბიექტად მისი პარტია მოგვევლინოს”, – განაცხადა თვალჭრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები