თამაზ გაიაშვილი: ბატონ ბიძინას დონის ეროვნული მოღვაწეები იშვიათად იბადებიან; ამიტომაცაა, რომ ზოგიერთებმა დღემდე ვერ გაიგეს მისი როლი

“ჯორჯიან ეირვეისის” დირექტორი, თამაზ გაიაშვილი” ქართული ოცნების” დამფუძნებელს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც გაიაშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის დონის ეროვნული მოღვაწეები იშვიათად იბადებიან

“მილოცვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

ქართველი ერის წინამძღოლს, დიდ მამულიშვილს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მსურს, მივულოცო დაბადების დღე.

ბატონ ბიძინას დონის ეროვნული მოღვაწეები იშვიათად იბადებიან. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთებმა დღემდე ვერ გაიგეს მისი როლი. მას ისე რთულ დროში (პრაქტიკულად, მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს) მოუწია საქვეყნო ტვირთის ზიდვა, რომ მისი საქმიანობა ერეკლე მეფისა და ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის მასშტაბებს იძენს. რომ არა მისი თავდადება სამშობლოსთვის, საქართველო დღეს ცეცხლის ალში იქნებოდა გახვეული. მისმა სიბრძნემ და სიმტკიცემ ქვეყანა განადგურებისგან იხსნა.

ბოროტი ძალები ბატონ ბიძინა ივანიშვილს ერთნაირად ებრძვიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. მის კაპიტალს, რომელიც მსოფლიოში თთქოს ყველაზე დაცულ შვეიცარიის ბანკში ინახებოდა, ამ ძალებმა პრობლემები შეუქმნეს, მაგრამ მათ ავიწყდებათ ის ამბავი, რომ კაპიტალის დაბლოკვით ჭკუას, გამოცდილებას და სამშობლოს სიყვარულს ვერც დაბლოკავნ და ვერც სანქციებს დაუწესებენ. ბიძინა ივანიშვილის უკან ქართველი ხალხი დგას, რომელმაც იცის მისი ფასი. ბატონი ბიძინა ერის სამსახურში დგას და ქართველი ხალხი მას დაუცველს არ დატოვებს.

ქართველი ხალხის მცირე ნაწილი ჯერ კიდევ თუ ვერ აცნობიერებს ბიძინა ივანიშვილის უდიდეს მისიას, მის პიროვნებას, მის ღვაწლს საქართველოს წინაშე ისტორია აუცილებლად დააფასებს და გამორჩეულ მამულიშვილთა გვერდით ღირსეულ ადგილს მიუჩენს.

ბატონ ბიძინას მსურს ვუსურვო ჯანმრთელობა, ოჯახური ბედნიერება და მისი იმ სანუკვარი ოცნების განხორციელება, რასაც საქართველოს გაერთიანება ჰქვია. ამ უდიდეს ეროვნულ მოღვაწეს მსურს ვუსურვო, რომ მის შვილებსა და შვილიშვილებს, მის შთამომავლობას სწორედ მისი წინამძღოლობით გაერთიანებულ საქართველოში ეცხოვროთ”, – წერს თამაზ გაიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები