ქადაგიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს ძალიან ბევრმა გადაწყვეტილებამ პირდაპირ აჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო ანტიდემოკრატიული და ემყარებოდა ძალადობას

სააკაშვილის მმართველობა არ იყო დემოკრატიული მმართველობა, ეს იყო რეჟიმი. უბრალოდ, მაშინაც ლობისტური ძალები მას ფუთავდნენ, როგორც დემოკრატიულ რეჟიმს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

საუბარია “ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რომელი იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა.

„სტრასბურგის სასამართლოს ძალიან ბევრმა გადაწყვეტილებამ პირდაპირ აჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო ანტიდემოკრატიული. რეჟიმი, რომელიც ემყარებოდა ძალადობას, მათ შორის, ადამიანების წამებასა და ქონების ჩამორთმევას. ამის არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, დაწყებული გირგვლიანიდან, დამთავრებული ოჩიგავას საქმით. სააკაშვილი დღეს სწორედ ასეთი საქმეების გამო იხდის სასჯელს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად ხელოვნურია სააკაშვილის თემა. ეს არის გარკვეული პოლიტიკური პროექტი, რომელიც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და, ამავდროულად, დამაზიანებელია საქართველოსა და ევროკავშირის ინტეგრაციისთვის.

სააკაშვილის მმართველობა არ იყო დემოკრატიული მმართველობა, ეს იყო რეჟიმი. უბრალოდ, მაშინაც ლობისტური ძალები მას ფუთავდნენ, როგორც დემოკრატიულ რეჟიმს, მაგრამ მთელი სტატისტიკა არსებობს, კონკრეტული სასამართლო, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც პიროვნულადაც მითითებულია და სისტემურადაც მითითებულია ეს. იმ ლობისტებს, ვინც დღეს ამ პროექტს – სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ – იყენებენ, ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ. მათი მიზანი სულ სხვაა. მათი მიზანია საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობა, რის გამოც სააკაშვილი საქართველოში საიდუმლოდ იყო შემოპარული. საბოლოოდ, მიზანი იყო აქ არეულობა და ალბათ ისეთი რეჟიმის მოყვანა, რომელიც ყველა მათი ნება-სურვილის აღმსრულებელი იქნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, დადგინდა, რომ აკაკი ოჩიგავას მიმართ არასათანადო მოპყრობა არ შეიძლება, არ იქნეს კვალიფიცირებული როგორც წამება, ეს ჩადენილი იყო პატიმრებისადმი სისტემური ძალადობის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები