დონეცკში ჭურვის აფეთქების შედეგად საქართველოს საკონსულოს შენობა დაზიანდა
დონეცკში ჭურვის აფეთქების შედეგად საქართველოს საკონსულოს შენობა დაზიანდა, – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “კვირა” ფანჯიკიძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციასთან დაკავშირებით, რაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის დიდძალ მსხვერპლს იწვევს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის, სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას უნდა მიეცეს სათანადო, უმკაცრესი შეფასება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უცხადებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მთავრობასა და ხალხს და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, უკრაინის მთავრობა მოახერხებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
ქ.დონეცკში ჭურვის აფეთქების შედეგად დაზიანდა საქართველოს საკონსულოს შენობა. აღნიშნულ შემთხვევას საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია, ვინაიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად საკონსულოს თანამშრომლებმა წინასწარ დატოვეს ქ.დონეცკი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მოერიდონ განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილებას უკრაინის იმ რეგიონებში, სადაც მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.