„მარჟაც და ფასიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაა“ – გიორგი ცუცქირიძე მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას აფასებს

„მარჟაც და ფასიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაა“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებასთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცუცქირიძემ ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა შეაფასა და ბაზარზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„არის გარკვეული კრიტიკა, რომ სახელმწიფო ბაზარზე ჩარევას ახდენს, რაც არასწორია. ფასს ბაზარი განსაზღვრავს, კერძოდ, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ხშირად ბაზარი ფასს ობიექტურად ვერ განსაზღვრავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზარზე შეზღუდული კონკურენცია, მონოპოლია ან ოლიგოპოლიაა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში შეიძლება, განხილული იყოს, მაგალითად, სააფთიაქო ბიზნესში. რეფორმის პირველი ეტაპი ბაზრის გახსნა იყო: ფასის წარმოქმნა რომ ობიექტური იყოს, ბაზარზე კონკურენცია უნდა არსებობდეს, ადამიანებს არჩევანი უნდა ჰქონდეთ, თუ სად და რა ფასად შეიძინონ ესა თუ ის პროდუქტი, არა მხოლოდ მედიკამენტი. რეფორმის პირველ ეტაპზე თურქეთის ბაზარი გაიხსნა და მედიკამენტები იაფად შემოვიდა. მთელ რიგ მედიკამენტებზე ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, აქ საუბარია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების წამლებზე, იგულისხმება დიაბეტის, კიბოს, გულსისხლძარღვთა დაავადებების წამლები, რომლებიც ადამიანებისთვის შეუცვლელია.
ადამიანმა შეიძლება, საჭმელი მოიკლოს, მაგრამ წამალს ვერ მოიკლებს, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტია.

რისკებზეც მინდა, ვისაუბრო, რა გამოვლინდა პირველ ეტაპზე: სამწუხაროდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნასაც ჰქონდა ადგილი. ავხსნი როგორ მოხდა: მაგალითად, თურქეთიდან როცა წამლები შემოვიდა, დიაბეტის წამლებზე მაქვს საუბარი, სააფთიაქო ქსელებში კონკრეტული მედიკამენტი 25 ლარი ღირდა, ჩემი შეფასებით, მსხვილი სააფთიაქო ქსელების მიერ შესყიდვა, ანუ ამ წამლების ამოღება და დეფიციტის ხელოვნურად შექმნა მოხდა. იმავე პერიოდში მსხვილ სააფთიაქო ქსელებში ეს კონკრეტული წამალი 120 ლარი გახდა. ეს იყო იმ პერიოდში, სანამ რეფერენტული ფასები დადგინდებოდა, ანუ, წინაკონკურენციულ სივრცეზე ვსაუბრობ, როცა გარკვეული ექსპერტები ბაზარზე, თითქოს, სახელმწიფოს ჩარევის მიუღებლობაზე ლაპარაკობენ. მონოპულიური და დაბალი კონკურენტული ბაზრის პრინციპი ზუსტად ესაა: 25- ლარიანი წამალი მსხვილ ქსელებში 120 ლარი გახდა.

რეფორმის მეორე ეტაპია რეფერენტული ფასების, ანუ ზედა ჭერის დადგენა, რომელსაც სახელმწიფო განსაზღვრავს, ასევე ამა თუ იმ კომპანიას, რომელსაც მედიკამენტები შემოაქვს, მარჟასაც უდგენს. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. მარჟა აღებულია ზუსტად იმ ქვეყნების მაგალითზე, სადაც გაცილებით მაღალკონკურენტული ბაზარია, სადაც გაცილებით მაღალი შემოსავლებია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მარჟა არის არასწორი, ესეც სპეკულირების ნაწილია. მარჟაც და ფასიც საკუთარი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაა . მით უმეტეს, მოგეხნებათ, რომ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის პრინციპია, ცდილობს, მოსახლეობა მაღალი ფასწარმოქნის რისკებისგან დაცული იყოს.
საბითუმო რეფერენტული ფასი და ასევე მარჟები, რაც აფთიაქებს განესაზღვრათ, სხვა ქვეყნების, ანალოგიური მედიკამენტების ფასიდან არის გამოყვანილი. ეს,  ჯამურად, ის სამართლიანი მარჟაა, რაც ამ სეგმენტს და ინდუსტრიას უნდა ჰქონდეს. სხვადასხვა ბევრ და გაცილებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, თუ ეს ფასები მისაღებია – სადაც GDP ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტია, დაახლოებით 2- ჯერ მაინც, საშუალოდ 15 000 აშშ დოლარს შეადგენს და ეკონომიკურადაც უფრო წინ არიან, მაშინ, მით უმეტეს, ჩვენ ქვეყანაში პრობლემა არ უნდა შეიქმნას. სექტორს ისედაც ექნება აუცილებელი და სამართლიანი მარჟა, რაც როგორც საბითუმო, ისე საცალო კომპანიის ფუნქციონირებისთვის სავსებით საკმარისია“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, 15 თებერვლიდან რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათშორისმა კომისიამ მიიღო. ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე, ფარმაცევტული სექტორის მიერ წარმოდგენილი 700-ზე მეტი პრეტენზია განიხილა.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 300-ზე მეტი მედიკამენტის ფასი დაკორექტირდა, ცვლილება კი ძალაში 15 მარტიდან შევა.

800-ზე მეტი წამლის, განახლებული ჩამონათვალი, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერზე, უკვე გამოქვეყნდა. ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ.

მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალება.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები