პრემიერი: სომხეთი და საქართველო ერთობლივად მეგობრობის ხიდს ააშენებენ

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სომეხ კოლეგას თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა. ეს ვიზიტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა გავზარდეთ 42%-ით, ხოლო გასულ წელს – 50%-ით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, მეგობრული ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ვითარდება და ჩვენ ამას გავაგრძელებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე, განხილული იყო თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. “მინდა აღვნიშნო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სომხეთი და საქართველო ერთობლივად ააშენებენ ხიდს. დღეს მოვისმინე, რომ არსებობს ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომ ამ ხიდს “მეგობრობის ხიდი” ეწოდოს. ამ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები