საბაზისო სერვისები და სამედიცინო მომსახურებაზე მეტი ხელმისაწვდომობა – რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის გეგმები 2023 წელს

8 რეგიონი, 18 კლინიკა და  65 000-მდე  პაციენტი – ეს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის პასუხისმგებლობათა ნაწილია. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, და არამხოლოდ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე, ცენტრის მედიკოსები 2013 წლიდან დგანან. უკვე მეათე წელი დაიწყო, რაც „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ცენტრის ფუნქციები და ვალდებულებები წლებთან ერთად იზრდება. ამ ეტაპზე, მხოლოდ კლინიკებს 1 224 თანამშრომელი ჰყავს. მენეჯმენტის ხედვასა და გეგმებზე „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელს, გიორგი აბაიაძეს ვესაუბრეთ.

-რა არის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მთავარი ამოცანა 2023 წელს?

2023 წელს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მთავარი ამოცანა კლინიკების რეაბილიტაციაა. ეს გულისხმობს როგორც  ინფრასტრუქტურულ ნაწილს, ასევე, აღჭურვის განახლებას. დაგეგმილი გვაქვს ანტენატალური, ანუ ორსულთა მეთვალყურეობის კაბინეტის მოწყობა ახალი სტანდარტის შესაბამისად. ასეთი სივრცეები მუნიციპალიტეტების უმრავლესობას აქვს, თუმცა, განახლებას საჭიროებს.

კომპიუტერული ტომოგრაფის დადგმის გადაწყვეტილება მივიღეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. აპარატი აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო, შენობის მოწყობა მიმდინარე ეტაპზეა და სულ მალე პაციენტებს ამ სერვისის მისაღებად რეგიონიდან გასვლა აღარ მოუწევთ.

2023 წელს იგეგმება სამედიცინო აღჭურვის გაუმჯობესება ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ოფთალმოლოგიური მიმართულებითაც. ეს ცენტრისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება და თანამედროვე აღჭურვა უზრუნველყოფს ადგილზე ოფთალმოლოგიური ქირურგიის ხელმისაწვდომობას. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა დიდია.

გეგმებს შორისაა ემერჯენსის გამართვის საკითხი. მოძიებულია ფინანსები, რომლითაც რეგიონებში ახალი სტანდარტით მოწყობა  უნდა უზრუნველვყოთ. გვინდა, ჩვენი კლინიკები მეტად დავტვირთოთ იმ სპეციალისტების ვიზიტებითაც, რაც რეგიონებში დეფიციტურია.

-გასული წლის ბოლო 6 თვეში დიალიზის კაბინეტები რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაიხსნა… რა იქნება შემდეგი ეტაპი?

ჰემოდიალიზის პროგრამაზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ დასახულ მიზნებს შორის ერთ-ერთია. ჯანდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე თქვა, რომ რეგიონებში უნდა ამოქმედებულიყო დიალიზის სერვისი. მთავარი პრინციპი, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტები შეირჩა, გეოგრაფიული მდებარეობაა. არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, სად რამდენი პაციენტია ჰემოდიალიზის პროგრამაში აღრიცხული და სად დგას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საჭიროება ყველაზე რთულად. ჩვენი მიზანია, პაციენტებს დიალიზის სერვისის მიღება საცხოვრებელთან რაც შეიძლება ახლოს, რაც შეიძლება უპრობლემოდ და, რაც მთავარია, ხარისხიანად შეეძლოთ. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“, რომლის შემადგენლობაშიც ვართ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, შერჩეულ ლოკაციებზე ტექნიკურ აღჭურვილობას და პერსონალით დაკომპლექტებას უზრუნველვყოფთ. წელს ამ პრინციპით დიალიზის კაბინეტები მესტიაში, ამბროლაურში, თიანეთში, ყაზბეგსა და ლანჩხუთში გაიხსნა, მიმდინარე წელს ასეთივე გეგმები სხვა მუნიციპალიტეტებშიც გვაქვს.

-რეგიონებში საბაზისო სტაციონარებზე ხელმისაწვდომობა  თქვენი პასუხისმგებლობაა, როგორია სახელმწიფო პოლიტიკა და თქვენი გეგმები ამ მიმართულებით?

ამ სერვისის მაქსიმალური სრულყოფა ჩვენი ერთერთი მიზანია. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში, განსაკუთრებით, რეგიონებში, სწორედ საბაზისო სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფაა. ეს გულისხმობს როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ასევე  დიაგნოსტიკის და პირველადი ჯანდაცვის, ანუ ოჯახის ექიმის სერვისის ხელმისაწვდომობას. ამ მიზნის განხორციელებაში ერთ-ერთი გამოწვევა კადრების სიმცირეა, თუმცა ვცდილობთ, ეს პრობლემა ექიმების ცენტრალური კლინიკებიდან როტაციით დავარეგულიროთ.

-როგორ შეაჯამებდით იმ სამუშაოებს, რაც რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში თქვენი მოსვლის შემდეგ განხორციელდა?

9 თვის წინ, როდესაც სამსახური ჩავიბარე, მქონდა პროგრამა მინიმუმი, რისი შესრულებაც მოკლე ვადებში მინდოდა; ამ გეგმებს შორის იყო თანამედროვე რენტგენის აპარატის დადგმა ყაზბეგში, დმანისსა და წალკაში. მიხარია, რომ ეს შევძელით.

გავმართეთ დიალიზის სერვისი ამბროლაურში, ყაზბეგში, თიანეთსა და ლანჩხუთის ცენტრებში; აბასთუმანში, რომელიც საკურორტო ზონაა, პირველადი ჯანდაცვა უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი ცენტრის ახალი ამბულატორიის მეშვეობით.

მომდევნო წლიდან ჩვენი ამოცანა გადაუდებელი ამბულატორიების და რეანიმაციის ახალი სტანდარტით მოწყობაა. 11 მუნიციპალიტეტში  ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის თითოეული თანამშრომელი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყნის მასშტაბით აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.  გვინდა, ჩვენი რეგიონული ცენტრები ყველა სტანდარტის მიხედვით იყოს გამართული და კერძო სექტორს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები