“დავით ბაქრაძემ დეკლარაციაში ინგლისის ანგარიშების არ მითითებით კანონი დაარღვია”
დავით ბაქრაძემ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია, – ამის შეხაბ „კვირას“ საჯარო ბიუროს დეკლარაციების შევსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დემნა ლობჟანიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მან თავადაც შეისწავლა დავით ბაქრაძის ქონებრივი დეკლარაცია, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ბაქრაძეს და მისი ოჯახის წევრებს ინგლისის საბანკო ანგარიშები მითითებული არ აღმოჩნდათ.
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია, ყოველწლიურად შეავსოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამ ნუსხაში არის დავით ბაქრაძეც. იგი უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა თანამდებობებს იკავებს და ყოველწლიურად ავსებს დეკლარაციას. თუ მას ჰქონდა საბანკო ანგარიშები, აუცილებლად დეკლარაციაში შესაბამის გვერდზე უნდა შეეტანა ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ბანკის დასახელებას, ანგარიშის სახეობას და ანგარიშზე დარიცხული თანხის ოდენობას, შესაბამის ვალუტაში. დეკლარაციაში არის ერთი გვერდი, რომელიც მთლიანად საბანკო ანგარიშებს ეძღვნება. არამარტო დავით ბაქრაძეს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც თუ რაიმე ანგარიშები ჰქონდათ, საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, დეკლარაციაში უნდა მიეთეთებინათ. თუ რატომ არ შეიტანა დავით ბაქრაძემ ქონებრივი დეკლარაციაში აღნიშნულის შესახებ, ეს მასთან უნდა გაირკვეს. თუ ბაქრაძემ განზრახ არ მიუთითა საბანკო რეკვიზიტების შესახებ, ეს ისჯება კანონით“ – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას დემნა ლობჟანიძემ.
პროკურატურამ დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი ინფორმაციის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დავით ბაქრაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თანხა 2002 წელს სიმამრისგან მიიღო.