საბაჟო- გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ მუშაობა შეჩერებულია
დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ მუშობა შეჩერებულია. ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად ჩამოწოლილმა მთის მასამ საბაჟოს ტერიტორია და შენობა-ნაგებობები დატბორა. სტიქიის გამო დარიალის ხეობაში გვიან ღამითვე ჩავიდნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი. „სტიქიის ზონაში მობილიზებულნი არიან შესაბამისი სამსახურები – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინიტრო და ფინანსთა სამინისტრო. სამწუხაროდ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი” დატბორილია. დაწყებულია სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები. ამ ოპერაციას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს,” – აღნიშნა ნოდარ ხადურმა. ფინანსთა მინისტრთან ერთად, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი გვარამაძე. საბაჟოს ტერიტორიიდან თანამშრომლები უსაფრთხო ზონაში, ლარსის სამონასტრო კომპლექსში არიან გადაყვანილი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სტიქიისგან გამოწვეული ზარალის დადგენისა და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, ფინანსთა მინისტრის დავალებით შექმნილია სამუშაო ჯგუფი შემოსავლების სამსახურის უფროსის ირაკლი გვარამაძის ხელმძღვანელობით. ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მოეწყო დამცავი დამბა, რომელმაც საავტომობილო გზაზე მდინარე თერგის შემოდინება შეაჩერა. უკვე დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარეობს მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავება. ამჟამად, დევდორაკის ხეობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეწყვეტილია. საბაჟო-გამშვები პუნქტის ფუნქციონირების აღდგენის ვადებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია დამატებით მიეწოდება.