კრიზისების მართვის საბჭო დარიალის ხეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო დარიალის ხეობაში სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც, საბჭოს წარმომადგენელმა ლევან ღირსიაშვილმა აღნიშნა, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და ფინანსთა მინისტრები და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია ორი პიროვნების ადგილსამყოფელი. სტიქიის დადგომის მომენტისთვის ერთი საქართველოსა და მეორე თურქეთის მოქალაქე მშენებარე ჰესის ტექნიკურ გვირაბში იმყოფებოდნენ. “20 აგვისტოს, გვიან საღამოს, ამალი-დევდორაკის ხეობისა და დარიალის ხეობის შესართავში, თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134-ე კილომეტრზე ჩამოწვა ღვარცოფულ-მეწყრული მასა. ღვარცოფი დევდორაკის მყინვარზე 17 მაისს მომხდარი დიდი მასშტაბის მყინვარული მასების ჩამოქცევის ტრანზიტის ზონაში – ამალი-დევდორაკის ხეობაში დაგროვილი ნაშალი მასალის მოწყვეტამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, ერთბაშად მოსულმა უხვმა ნალექმა განაპირობა. ღვარცოფულმა მასამ ამოავსო თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მოხდა წყლის და ნაშალი მასალის გადასვლა 17 მაისის ღვარცოფის შემდგომ მოწყობილ დროებით საავტომობილო გზაზე, თერგის დინების მიმართულებით. გუშინვე, პრემიერ-მინისტრის დავალებით მოხდა მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და ფინანსთა მინისტრები და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. წინასწარი შეფასებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი საკმაოდ დაზიანებულია, ისევე როგორც საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. დაზიანებულია მშენებარე ჰესი, დაზიანების მასშტაბი დგინდება. ამ დროისთვის უცნობია ორი პიროვნების ადგილსამყოფელი. სტიქიის დადგომის მომენტისთვის ერთი საქართველოსა და მეორე თურქეთის მოქალაქე მშენებარე ჰესის ტექნიკურ გვირაბში იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ადგილზე არიან მობილიზებულნი და მას შემდეგ რაც წყლის დონე გვირაბში დაიკლებს, მყისიერად დაიწყება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე შეუდგა გზის გაწმენდის სამუშაოებს. ამ ეტაპისთვის აშენებულია დამბა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ნაკადის შეჩერებას და გზის დაცვას. ადგილზე მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი, რომელიც სხვა ექსპერტებთან ერთად მუშაობს წინასწარ შეფასებასა და რეკომენდაციებზე, აგრეთვე, სიტუაციის შესწავლის მიზნით, ადგილზე დამონტაჟდა დამატებითი სეისმური სადგური. ამალი-დევდორაკის ხეობაში განთავსებული ადრეული შეტყობინების საგუშაგოების საშუალებით მოხერხდა დროული რეაგირება. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის შესაბამისი მონაკვეთის გადაკეტვა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისგან მისი გათავისუფლება განახორციელეს”, – ნათქვამია განცხადებაში.