ანალენა ბერბოკი: გერმანია დგას საქართველოს, მოლდოვისა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გვერდით იმ დროს, როდესაც ისინი ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან

ჩვენ ვდგავართ საქართველოს, მოლდოვისა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გვერდით იმ დროს, როდესაც ისინი ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის (მწვანეთა პარტია) ყოველწლიურ საგარეო-პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც საქმე სამართლიანობასა და უსამართლობას შორის არჩევანს ეხება, გერმანია სამართლიანობისა და ადამიანების მხარეს დგას.

ანალენა ბერბოკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის აგრესიის ფონზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი დაგმო.

„მიუღებელია ევროპასა თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ძალადობის გზით საზღვრების შეცვლის მცდელობები და ამგვარად მილიონობით ადამიანისთვის წარმოუდგენელი ტანჯვის მიყენება. მიუღებელია, რომ ვლადიმერ პუტინი ყველას თავს ახვევს გასული საუკუნეების ლოგიკას, როდესაც ძლიერის სამართალი ჯაბნის საერთაშორისო სამართალს. ეს კი ბევრი ქვეყნისთვის მსოფლიოში აღმოჩნდა მწარე გაკვეთილი. ეს სულაც არაა აბსტრაქტული შიში. განსაკუთრებით მოლდოვისა და საქართველოსთვის, სომხეთისთვისაც, რომლებიც ამას სავსებით რეალურ საფრთხედ აღიქვამენ. ამიტომ რუსეთის მეზობელი ქვეყნები დიდი გულისყურით უსმენენ პუტინის ისეთ წინადადებებს, რომლის თანახმად იგი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად აფასებს“, – განაცხადა ბერბოკმა.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლისათვის საგარეო პოლიტიკის და დიპლომატიური მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლის გაძლიერებაა.

„განსაკუთრებით, ქვეყნებში, რომლებიც ისტორიულად თუ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რუსეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ამიტომ გერმანია დგას საქართველოს, მოლდოვისა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გვერდით იმ დროს, როდესაც ისინი ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან, ცდილობენ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ თავიანთი მედეგობის გაძლიერებას ან ჰაკერული თავდასხმებისაგან თავიანთი ინფრასტრუქტურის დაცვას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები