ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ რეგიონში არსებული დაძაბული მდგომარეობის მიუხედავად, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ექსპორტის და საგარეო ვაჭრობის მაღალი მაჩვენებელი აჩვენებს, რომ ეკონომიკა სწრაფი ზრდის ციკლში იმყოფება.
როგორც ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა ორნიშნა ზრდასთან მიახლოებულ მაჩვენებელზე გავა.
„მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ექსპორტის და საგარეო ვაჭრობის მაღალი მაჩვენებელი აჩვენებს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური გამოწვევებისა, ეკონომიკა იმყოფება სწრაფი ზრდის ციკლში, რაც მიმდინარე წელსაც ორნიშნა ზრდასთან მიახლოებულ მაჩვენებელზე გავა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარში ექსპორტი 38.5 პროცენტით გაიზარდა და 459.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა იმის ფონზე, რომ 2022 წლის იანვარშიც ექსპორტის მნიშვნელოვნად მაღალი, 47.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ამასთან, იანვრის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი 7 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული წლის საშუალო ზრდის მაჩვენებელს!
იმპორტი 2023 წლის იანვარში 25.2 პროცენტით გაიზარდა და 1 002.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ექსპორტის იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელმა 45.8 პროცენტი შეადგინა, რაც 4. 4 პროცენტული პუნქტით მეტია გასულ წელთან შედარებით.
მზარდ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს 2023 წლის იანვარში სავაჭრო ბრუნვაც, რაც 1 461.8 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, და წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 29.1 პროცენტით აღემატება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2022 წელს ექსპორტი 31.8 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 33.2 პროცენტით გაიზარდა და 19.1 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.