რომის პაპი: საქართველოს ისტორია განასახიერებს სიბნელიდან სინათლეში გადასვლას – ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია სირთულეებისთვის, ეს კულტურისა და რწმენის დამსახურებაა

საქართველოს ისტორია განასახიერებს სიბნელიდან სინათლეში გადასვლას, რადგან იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა გაბრწყინებას ახერხებდა უცხოელ დამპყრობელთა შემოჭრის შედეგად გამოწვეულ მძიმე დროს, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ქართველი ხალხი ახერხებდა, წინააღმდეგობა გაეწია ამ სირთულეებისთვის და ეს კულტურისა და რწმენის დამსახურებაა. განსაცდელის ამ წუთებში შეუცვლელი იყო კათოლიკური ეკლესიის როლი, რომელიც ქმნიდა სივრცეს ქართველი ხალხის რწმენის გასაძლიერებლად და საზოგადოების ასაშენებლად. ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად“, – აღნიშნა რომის პაპმა.

როგორც მან თავის მიმართვაში აღნიშნა, სიტყვა „განათლება“ ქართულ ენაში სიტყვიდან „ნათელი“ მომდინარეობს.

„განათლებას, როგორც ბნელ ოთახში მოთავსებულ ნათურას, ყველაფრის იერსახის შეცვლის უნარი აქვს. სიძულვილის სიბნელით სავსე სამყაროში არის „ცოდნის განათების“ ძლიერი საჭიროება, რაც თავისთავად აღადგენს წარსულის მეხსიერებას და ნათელს ჰფენს აწმყოს. ცოდნის ამ სასარგებლო განათების საჭიროება არის მაშინ, როდესაც სამყაროში სიძულვილის სიბნელე იზრდება, რაც ხშირად დავიწყებისა და გულგრილობისგან მოდის.

ცოდნა არის გასაღები საკუთარი თავის შესაცნობად და, თავის მხრივ, რწმენისა და ღმერთის აღმოჩენისთვის. გარდა ამისა, კულტურისა და განათლების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ „წარსულის მეხსიერება და ნათელი მოვფინოთ აწმყოს, რაც „აუცილებელია ახალგაზრდის ზრდისთვის“ და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები