აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური დახვედრის ცერემონია პენტაგონში გაიმართა.

„დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის წინ, რამშტეინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება, გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრძვის რუსეთის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღეს კარგ დისკუსიას და რაც მთავარია, ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა შეხვედრის დაწყებამდე.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს თავდაცვისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის, ქართველი ხალხისთვის და მთავრობისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისთვის, შეკავებისა და მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

ჩვენ ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას, ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ჩვენ ერთად ვიცავთ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები, ამაყად მსახურობდნენ შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების გვერდით, ყველაზე საშიშ წერტილებში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად განვიცადეთ დანაკარგები და ერთად გავუძელით ამას და ამან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაამყარა. საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე და მთავარი პარტნიორი, როგორც რეგიონული, ისე გლობალური თვალსაზრისით. ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევას ეწინააღმდეგება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო.

ბატონო მდივანო, ჩვენ ვაფასებთ თქვენი და თქვენი მთავრობის დიდებულ ლიდერობას და თქვენ გვერდით ვდგავართ უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები