მამუკა მდინარაძე – სააკაშვილზე: რას ნიშნავს ლობისტებთან გადარიცხული მილიონი, იცით? – ტყუილის გაპიარება იაფი არ ჯდება
“თქვენ წარმოიდგინეთ, მილიონი დოლარი ასე ღიად და აშკარად რომ გამოჩნდა, რამდენი მილიონია დახარჯული? ახლა ამის გადასაფარად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დეკლარაციებს დასდევენ, რათა თავისი მილიონობით დოლარი გადაფარონ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ლობისტებთან გადარიცხული მილიონი ნიშნავს იმას, რომ ტყუილის გაპიარება იაფი არ ჯდება.
“ლობისტური კომპანიისთვის გადარიცხულია მოპარული მილიონები, რომელიც გიული ალასანიას ხელში აღმოჩნდა. კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, ეს ყველაფერი გამოეცხადებინა. ამ თანხებით მისი ლობირება ხდება. თქვენ წარმოიდგინეთ, მილიონი დოლარი ასე ღიად და აშკარად რომ გამოჩნდა, რამდენი მილიონია დახარჯული? ახლა ამის გადასაფარად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების დეკლარაციებს დასდევენ, რათა თავისი მილიონობით დოლარი გადაფარონ. როგორც კი რაიმეში ამხელ, იქვე ამბებს იგონებენ. გაღმა შედავების პრინციპს მიმართავენ – დიდ ფულს აღმოაჩენ, მათ ამხელ. რას ნიშნავს ლობისტებთან გადარიცხული მილიონი, იცით? – ტყუილის გაპიარება იაფი არ ჯდება. ამ ოჯახს ამდენი მილიონი საიდან ჰქონდა, ამ კითხვაზე საპასუხოდ ამბობენ, ახლობლები, ნათესავები და მეზობლები გვირიცხავენო. რეალობაა, თავის დროზე მოპარული ფულით დაფინანსებული პიარკამპანია. თუ სააკაშვილი საჭმელს შესაბამისი კალორაჟით შეჭამს, ყველაფერი დასრულდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.