მდინარაძე: გაუსკდათ ამბავი, რომ ფრაზების – „სააკაშვილი მოწამლეს“, „ძალიან ცუდად არის“, უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი

გაუსკდათ ამბავი, რომ ფრაზების – „სააკაშვილი მოწამლეს“, „ძალიან ცუდად არის“ – უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა, საიდანაც კომპანიამ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.

„როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მილიონი დაიხარჯა, პირადად ჩემთვის სხვა დასკვნის გამოტანის საშუალება არ არსებობს. ექვსი თვე გავიდა ხელშეკრულების გაფორმებიდან და მათ ოფიციალურად მოუწიათ გამოქვეყნება. ამერიკული კანონმდებლობით, ლობისტურ ორგანიზაციას, თუ ლობისტურ საქმიანობას ვინც ახორციელებს, ინფორმაციის გამოქვეყნება უწევს. როგორც ჩანს, მათ ეგონათ, რომ აქამდე მიზანს მიაღწევდნენ, სააკაშვილსაც გამოუშვებდნენ, ქვეყანასაც არევდნენ და შემდეგ აღარავის გაახსენდებოდა ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე სავალდებულო წესით ატვირთული ხელშეკრულება, მაგრამ რადგან ეს ვერ მოახერხეს, ახლა უკვე სკანდალი მოხდა და ძალიან ცუდი რამ დაემართათ.

გაუსკდათ ამბავი, რომ თითოეული ფრაზის უკან, მოწამლეს – ამის უკან იდგა დასკვნა, რომელშიც ასობით ათასი დოლარი იყო გადახდილი. ვიღაც სხვა დიაგნოზზე მიუთითებდა, რომ ძალიან ცუდად არის. ამის უკანაც იდგა ასეულობით ათასი დოლარი და ა.შ. როდესაც მათ ოფიციალურად მილიონ დოლარზე გაფორმებული ხელშეკრულების გამოქვეყნება მოუწიათ, წარმოიდგინეთ, რამდენია იმის იქით შეკვეთილ სტატიებში დახარჯული, რაც ბევრი ქართული ნიუსის საფუძველი გახდა.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მსოფლიო პრესაში ერთდროულად რამდენიმე ათეულ, საკმაოდ ავტორიტეტულ გამოცემებში გაჩნდა ერთი და იგივე სათაურებით და ანალოგიური ტექსტებით უამრავი სტატია. უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული მათგანი შეკვეთილი იყო. კონკრეტული ფული იყო გადახდილი, თან გადახდილი იყო არა ათასი, ორი ათასი და სამი ათასი დოლარი, არამედ უკვე დადასტურებულად საუბარია ასეულობით ათას და მილიონობით დოლარზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები