შალვა პაპუაშვილი: სახალხო დამცველის არჩევის საკითხს თუ ყველა საკუთარი პასუხისმგებლობით მიუდგება, მაშინ ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძის შეკითხვას უპასუხა და ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ვერ შეძლო პარლამენტმა დეკემბერში სახალხო დამცველის არჩევა.
„მიზეზი, რატომაც ვერ შედგა სახალხო დამცველის არჩევა, ჩემი შეფასებით, არის სწორედ ის, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს, რომ ჩარჩოში მოექციათ თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატები. პირდაპირ დადგა ულტიმატუმი – ან ამ სამი კანდიდატიდან იქნება არჩეული ან არ იქნება სხვა სახალხო დამცველი. ეს იყო რის წინაშეც სცადეს, რომ დაეყენებინათ პარლამენტი. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა ამ მხრივ ძლიერია, ვინაიდან ჩვენი ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე ეს სიძლიერე გვაქვს, თუმცა იმ საპარლამენტო პარტიებს, რომელთაც აქვთ დაბალი ელექტორატული მხარდაჭერა, მათზე გავლენას ახდენს, როდესაც ე.წ. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში აყენებენ. მეტსაც გეტყვით, მე სპეციალურად ვაკვირდებოდი კომიტეტების სხდომებს, სადაც გასაუბრებებს სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, წესით, რომლის მთავარ ამოცანასაც წარმოადგენს, საპარლამენტო პროცედურებზე დაკვირვება, მონიტორინგი და ამასთან დაკავშირებით ანგარიშების შედგენა, 19 კანდიდატის გასაუბრებებიდან, მხოლოდ იმ სამი კანდიდატის გასაუბრებას დაესწრნენ, რომლებიც მათ წარმოადგინეს. სხვა კანდიდატებს უბრალოდ, ფაქტობრივად თავისი ქცევით და არ დასწრებით, ბოიკოტი გამოუცხადეს. ამით ის სიგნალი გაუგზავნეს ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ მხოლოდ ამ სამს, იქნება მხარდაჭერა სხვა კანდიდატების, თქვენ მოგეკერებათ სტიგმა, რომ თქვენ ხართ ალიანსში „ქართულ ოცნებასთან”.
მე საჯაროდაც მივმართე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ აცადონ ხალხის მიერ რჩეულ ადამიანებს განახორციელონ კონსტიტუციით მინიჭებული საკუთარი უფლებამოსილება და ნუ შეეცდებიან არასათანადო ზეგავლენის მოხდენას თავისუფალი მანდატის მქონე პარლამენტის წევრებზე. გარწმუნებთ, იმ პირობებში თუკი ყველა ამ საკითხს საკუთარი პასუხისმგებლობით მიუდგება, თავისუფალი მანდატის გააზრებით და არა გვერდზე ყურებით, რომ აბა რას იფიქრებს ესა თუ ის ორგანიზაცია და ასე შემდეგ, ყველა საკუთარ თავში და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, რადგან ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და პოლიტიკოსებმა ზუსტად ყველაზე კარგად იციან თუ როგორ უნდა მოხდეს კომპრომისები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.