გოგა ხაინდრავა: ფსევდოექსპერტები სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ავადაა, ეს ექსპერტები ნაყიდები იყვნენ და ამაში 300 000 დოლარი იყო გადახდილი

ფსევდოექსპერტები, სასამართლოზე გამოდიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ავადაა. ეს ექსპერტები ნაყიდები იყვნენ და ამაში 300 000 დოლარი იყო გადახდილი, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაინდრავა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.

„დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. პირველ ყოვლისა, დავით აღმაშენებლის, ამ ნეტარი მეფის ხსენების დღეა. ესეც სიმბოლურია. საერთოდ, ჩვენს ცხოვრებაში ბევრი სიმბოლოა. დღეს გამოქვეყნდა დასტური იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო შეთქმულება იყო. დღეს დადასტურდა რიცხვებით და ცნობებით იმის შესახებ, თუ ვინ იყო ამ შეთქმულების მონაწილე და რა თანხები იხარჯებოდა ამ შეთქმულების განსახორციელებლად. ის, რაც ჩვენ გავიგეთ: 900 000 დოლარი, რომელიც გადახდილია იმისთვის, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელებულიყო, ეს მხოლოდ აისბერგის თავია. ეს არის ის ლეგალური ფული, რომელსაც ეს დაჯგუფება იმისთვის იხდიდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ფონი მოემზადებინა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – ქვეყნის გარეთ. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტებში იმის შესახებ პირდაპირ არის მონაცემები, რომ საქართველოში ამას კოორდინაციას უწევდა აშშ-ის საელჩო და მისი ელჩი დეგნანი, ამას მისი არაერთი განცხადება ადასტურებს, რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ. ბუნებრივია, რომ მე ამის სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ და არც გავაკეთებ, რადგან არც პროკურატურასთან, არც სასამართლოსთან, არც საგამოძიებო ორგანოებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მაგრამ, მე როგორც ერთერთი მოქალაქე, რომელიც ქართულ პოლიტიკაში აქტიურად იყო ჩართული, ამ ყველაფრის მოწმე და მონაწილეა, შემიძლია, იმის შესახებ ცალსახად განვაცხადო, რომ ეს შეთქმულება იყო, რომელიც, მადლობა ღმერთს, დღეისათვის ჩაიშალა და მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ჭინთვები კიდევ გაგრძელდება. ამის მოწმენი ვართ გუშინ, დღეს და ალბათ, ხვალაც ვიქნებით. ამ ყველაფერმა კომიკური სახე მიიღო, თუმცა, ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ ეს ტრაგედია საქართველოში განმეორებულიყო. როგორც წესი, ამის მონაწილე ერთი და იგივე დაჯგუფებაა, რომელსაც პოლიტიკურ პარტიას ეძახიან, ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ცნობილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც მეზობელი ქვეყნის მოქალაქეს ყველანაირად ხელს უწყობს, რომ არალეგალური, დანაშაულებრივი გზით საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, მეტყველებს იმაზე, მსოფლიო პოლიტიკური ელიტა რამდენადაა დეგრადირებული.

ყველაზე საინტერესო აქედან ჩემთვის იყო ის, თუ რა თანხებია გადახდილი იმ ფსევდოექსპერტებისთვის, რომლებიც სასამართლოზე გამოდიოდნენ და ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ავადაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამედიცინო სამყაროშიც კი, სადაც ჰიპოკრატეს ფიცი თავის დროზე შეურყეველი ღირებულება იყო, ისიც კი აღარ არსებობს, ყველაფერი იყიდება. ეს ექსპერტები ნაყიდები იყვნენ და ამაში 300 000 დოლარი იყო გადახდილი. ყველაფერი, რისი მოწმენიც ვიყავით, თავიდან ბოლომდე ნაყიდი იყო, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ელიტების მიერ იყო მხარდაჭერილი. ეს არის ყველაზე დიდი სკანდალი, რომელიც შეიძლება, მსოფლიოში, პოლიტიკურ სამყაროში მოხდეს. ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისთვის, რომ ეს სკანდალი მიჩუმათებული იყოს.
მე, მაგალითად, დღეს კელი დეგნანის ადგილას ამ ქვეყანას დავტოვებდი, რადგან მისი საქართველოში ყოფნა, მისი მოქმედება სამარცხვინოა. მისი დანახვა აღარ მინდა, მას შემდეგ, რაც ეს საბუთები გამოქვეყნდა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს, არის ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არ შესწევს უნარი, ასეთი დონის გამოძიება ჩაატაროს და მართლმსაჯულების გზით სიმართლე გაარკვიოს.

„ამ შეთქმულებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე, პოლიტიკური გვამები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა შაჰინი, აშშ-ის სენატორი. ამაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უწყებების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრები, ევროპარლამენტარები, რომელთა სახელ-გვარები ყველამ კარგად ვიცით. ამის დადასტურებას ყოველდღიურად მსოფლიო პრესაში შეგვიძლია შევხვდეთ, ამის დადასტურება მათ განცხადებებია.

ვფიქრობ, ერთადერთი, რაც ხელს გვიშლის იმაში, რომ ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს და ყველა ადამიანი იყოს შესაბამისად სამართლებრივად დასჯილი, არის ის ,რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არ შესწევს უნარი, რომ ასეთი დონის გამოძიება ჩაატაროს და მართლმსაჯულების გზით სიმართლე გაარკვიოს. როდესაც ამ შეთქმულებაში ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები ურევიან, როგორებიც არიან აშშ-ის დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები, თეთრი სახლის სპიკერები, კონგრესმენები და სენატორები, ბუნებრივია, რომ ამ მხრივ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. მაგრამ, ჩვენი შესაძლებლობები არ არის შეზღუდული, ქართულმა საზოგადოებამ, საერთოდ, მსოფლიო საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს ვისთან, რასთან გვაქვს საქმე. ვინ არის ამ დანაშაულებრივი ქმედების მონაწილე.

მსოფლიო სამართლიანი რომ ყოფილიყო და რეალურად დემოკრატია რომ ყოფილიყო, კანონიერებას რომ პატივს სცემდნენ, ყველა, ვინც ვახსენე, გამოძიების მონაწილეები იქნებოდნენ იმ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელზეც მოგახსენეთ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში არანაირი დემოკრატიას, სამართლიანობას ადგილი არ აქვს.

„მსოფლიოში დემოკრატიად წოდებული ხუხულა ჩამოიშალა, ყველასთვის ნათელია, რომ არანაირი დემოკრატიას, სამართლიანობას, კანონიერებას, დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ადგილი არ აქვს, ყველაფერი ფულზეა დაფუძნებული.

ე.წ. თავისუფალ სამყაროში, თითქოს, სიტყვის თავისუფლება უნდა არსებობდეს და რეალურად არ არსებობს, ამის მაგალითია დღევანდელი განცხადება, რომელიც ბატონი ივანიშვილის იურისტების მიერ არის გამოქვეყნებული, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ მსოფლიო პრესა, ბრიტანული პრესა, შვეიცარიული პრესა, რომელსაც პრეტენზია გააჩნდა, რომ იქ რაიმე ტიპის სიტყვის თავისუფლება არსებობს, პირდაპირ ამახინჯებს იმ ფაქტებს, რეალობას, რომელიც სინამდვილეშია და ყველანაირად ცდილობს, ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელსაც „კრედიტ სუისი“ ჩადის, (კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ითქვას, რომ ამას შვეიცარიის სახელმწიფო მფარველობს), არ გაცხადდეს. ეს საკმაოდ მძიმე რეალობაა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ცნობისთვის, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა .აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს. აღსანიშნავია, რომ ლობისტური საქმიანობისთვის მიღებული თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით $300 000 დოლარამდე გამოყენებულია „სამედიცინო ექსპერტების“ ანაზღაურებისთვის, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მიხეილ სააკაშვილის საქმეში და მოამზადეს სამედიცინო დასკვნები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები