ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ღონისძიებას მთელი ღამის გამავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ.
ადგილზე მოწყობილია საველე ბანაკი და ქართველი მეხანძრე-მაშველები ადიამანის გუბერნიაში მოქმედ ოპერატიული მართვის ცენტრთან მჭიდრო კოორდინაციაში არიან. 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა.
ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.
სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით. ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი.