თეა წულუკიანი: რაიმე პროტესტმა შედეგი რომ მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ, არ გააჩნია

რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტისა და ქუჩის პროტესტის დაწყების საკითხს.

მინისტრის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბოიკოტის რეჟიმი და პროტესტი სასიკეთო შედეგს ვერ მოუტანს.

„ბევრი ბოიკოტი, ბევრი პროტესტი გვინახავს, მათ შორის, საპარლამენტო მიმართულებით მომდინარე დესტრუქციული ოპოზიციისგან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ არც ეს ბოიკოტი მოიტანს მათთვის სასიკეთო შედეგს. ქვეყნისთვის კი დასანანია. არ დადგა ის დრო ჩვენს ცხოვრებაში, რომ პარლამენტში სახელისუფლებო უმრავლესობას და მთავრობაში ხელისუფლებას გაგვიჩნდეს კომპეტენტური, ძლიერი ოპოზიციური შემადგენლობა იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად წავიდეს წინ. რაც შეეხება რევოლუციების დაპირებას, მუქარებს, ესეც უკვე ნანახია, მრავალჯერ იყო მცდელობა და ვერ განხორციელდა. რაიმე პროტესტმა რომ შედეგი მოიტანოს, საჭიროა ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ოპოზიციას, ჩვენდა საბედნიეროდ და ქვეყნისთვის სასიკეთოდ, არ გააჩნია“, – განაცხადა წულუკიანმა, რომლის კომენტარსაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა და საპროტესტო აქციები დააანონსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები