ვლადიმერ ჩაჩიბაია – „გირჩი” სახელმწიფოს მოუწოდებს, შეიქმნას სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას კი არ ემსახურება, არამედ პარტიული ინტერესებისთვის იქნება მიმართული”
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ ახალწვეულთა მიმართ გაკეთებული შეფასება გააკრიტიკა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით, ქართველი ჯარისკაცის ღირსებებზე ისაუბრა.
„ჩვენნაირმა ქვეყანამ, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, უნდა იფიქროს ტოტალური თავდაცვის პრინციპებზე და მას ვერ განვახორციელებთ თუ არ იქნება ახალწვეულის სამხედრო სამსახურის ჩამოყალიბება და წინააღმდეგობის გაწევის პრინციპებზე სახელმწიფოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება. თქვენ (პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი”) მოუწოდებთ სახელმწიფოს შეიქმნას სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას კი არ ემსახურება, არამედ თქვენი პარტიული ინტერესებისთვის იქნება მიმართული. ვერ მივესალმები იმას, რომ თქვენ ჯარისკაცებს უწოდოთ „მონები”. ჩვენი ჯარისკაცები ღირსეული ადამიანები არიან, ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს და მიუხედავად მათი ასაკისა, ძალიან ბევრს აკეთებენ. ადამიანი, რომელიც სამხედრო სამსახურში მიდის, იქ სწავლობს დისციპლინას და პასუხისმგებლობას და ჩვენ ვიღებთ ჯანსაღი საზოგადოების წარმომადგენლებს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას”, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.