ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიის ყურადღება ქალი მხატვრების მიმართ, მართლაც, საგულისხმო და ჩვენთვისაც მისაბაძია
თავისი არსებობის 250-წლიან ისტორიაში ამ სახელმოხვეჭილმა აკადემიამ ბოლო 20 წელიწადში იმდენი ქალი მხატვარი გამოფინა, რაც წინა ორი საუკუნის განმავლობაში არ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის. ეს ტენდენცია აღმავლობით გრძელდება, რითაც ბოლო წლებში სულ უფრო მეტი მხატვარი ქალი მოექცა ყურადღების ცენტრში.
უკვე სამი თვეა მიმდინარეობს და 12 თებერვალს დაიხურება გამოფენა „მოდერნიზმის შექმნა”, რომელიც XX საუკუნის დასაწყისის შვიდი გერმანელი მხატვარი ქალის არტისტულ მონაპოვარს აცნობს მნახველს. ესენი არიან: კეტე კოლვიცი (1867-1945), პაულა მოდერსონ-ბეკერი (1876-1907), გაბრიელა მიუნტერი (1877-1962), მარიანე ვერეფკინი (1860-1938), ოტილიე რეილაენდერი (1882-1965), ჯაკობა ვან ჰეემსკერკი (1876-1923) და ერმა ბოსსი (1870-1952). იმპერიულ გერმანიაში მეოცე საუკუნის დასაწყისში მხატვრის პროფესია ქალისთვის არცთუ სახარბიელოდ ითვლებოდა. ოფიციოზს განსაკუთრებით აღიზიანებდა ფრანგული მოდერნიზმი და მისი გავლენით „დანაგვიანებლი” გერმანული კულტურა.
მაშინ იშვიათობა იყო სამხატვრო აკადემიაში სწავლის მსურველი ქალი. ეს შვიდი ქალბატონი საფრანგეთში განისწავლა, თითქმის ყველა მათგანი კერძო მასწავლებლის ხელმძღვანელობით დაეუფლა ხატვის ტექნიკას, მერე კი თავად გააღრმავეს საკუთარ თავზე მუშაობა და მოდერნიზმის დამფუძნებლებად და განმამტკიცებლად მოევლინნენ გერმანიას.
აღნიშნულ ექსპოზიციაში გამოტანილი 68 სურათი სრულ წარმოდგენას ქმნის რამდენად მოაზროვნე, თამამ და კრეატიულ არტისტებთან გვაქვს საქმე ამ შვიდი მხატვრის სახით. მათ ახალი სუნთქვა მოიტანეს გერმანულ ფერწერაში, მისი სააზროვნო და ესთეტიკური თვალსაწიერი საგრძნობლად გააფართოეს და გაამდიდრეს.დღეს ამ მხატვრების შემოქმედება პროფესიულ გმირობას უტოლდება, თვითდამკვიდრებისთვის იმდენი მსხვერპლი გაიღეს.
ამ მხატვრების სურათების ქონა სახელოვანი მუზეუმებისა და კერძო კოლექციონერებისთვის საოცნებოდ და საამაყოდ არის გადაქცეული. ახალ საუკუნეში ერთი ათასად აიწია მათმა ღირებულებამ და ზოგი მათგანი ექვსნიშნა ციფრადაც კი იყიდება აუქციონებზე (და არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში).
მართლაც გემოვნებით შერჩეული და ულამაზესი ექსპოზიციაა, მრავალ ინფორმაციასაც შეიცავს, რაც ნათლად ავლენს მხატვარი ქალების დაუცხრომელ და მებრძოლ ხასიათს. სასარგებლო გაკვეთილადაც შეიძლება გამოდგეს ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც კარგი მხატვარი ქალები ჰყავს. ასეთ ქვეყნებს შორის ნამდვილად შეიძლება მოვიაზროთ საქართველო, რომელსაც, ისტორიული წყაროების თანახმად, მეჩვიდმეტე საუკუნეში უკვე ჰყავდა პროფესიონალი მხატვარი ქალი როდია მიქელაძე, რომელიც ფუნჯით ხელშია გამოსახული ქრისტეფორო დე კასტელის ქართული ჩანახატების ალბომში.
ამჯერად კი მეოცე საუკუნის საქართველოს ხუთ მხატვარ ქალზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელთა ერთობლივი გამოფენა ჯერ თბილისში უნდა გაიმართოს და მერე მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებშიც გადაინაცვლოს. ესენი გახლავთ: ვერა ფაღავა, ნათელა იანქოშვილი, გაიანე ხაჩატურიანი, ნანა ბოტკოველი და ესმა ონიანი.
რატომ მაინცდამაინც ეს ხუთეული? პირველ რიგში, ნიჭიერების და გარემომცველი სამყაროს უჩვეულოდ დანახვის უნარში. ვერა ფაღავა საფრანგეთში დაფასებული მხატვარი იყო, ფრანგული ხელოვნების საამაყო წარმომადგენელი, ვინც პირველად დორა მაართან ერთად გამოიფინა პარიზში. მაგრამ ამ უნატიფეს მხატვარში ძალიან დიდი სიახლოვე და სიღრმისეული კავშირი იკითხება ძირძველ ქართულ ხელოვნებასთან.
გაიანე ხაჩატურიანი თბილისელი სომეხია, რომლის ხელწერა აღბეჭდილია მკვეთრი ინდივიდუალიზმით, მისი ფერწერის მისტიკური ატმოსფერო და პერსონაჟები ქმნიან სადღესასწაულო კარნავალს, რომელიც მეოცე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა. აღარაფერს ვიტყვი ნათელა იანქოშვილზე, რომელიც საქართველოს დიდი ფერმწერია, მის პეიზაჟებსა და პორტრეტებს ანალოგს ვერ უპოვით, იგი ჭეშმარიტი ნოვატორია, რომელიც უკვალავი გზებით მიდის და პოულობს სრულიად ცინცხალ და პოეტურად ამაღლებულ გადაწყვეტას. ესმა ონიანი გარდაცვალების შემდეგ გაცილებით დაფასდა, მისი სურათები, პოეზია და ბრწყინვალე ესეები მოგვიანებით გახმაურდა და დღეს ერის საამაყო ფასეულობას წარმოადგენს.
ნანა ბოტკოველი სიცოცხლეშივე სახელგანთქმული კერამიკოსი და მხატვარი იყო, დასანანი და სრულიად მიუტევებელია ამ უნიჭიერესი ქალბატონის დავიწყების ნისლში ჩაძირვა.
ჩემი აზრით, ხუთივე ამ მხატვარს სულის იმგვარი უარტახობა და თავისუფლება ეტყობა, რომელიც ვერანაირმა წნეხმა და სავალდებულო ნორმებმა ვერ მოდრიკეს და ვერ დაიმონეს. ისინი ჯიუტად მებრძოლი და შეუვალი პიროვნებები იყვნენ, მართალია, სოცრეალიზმის ეპოქაში იცხოვრეს, მაგრამ ერთი ნამუშევარიც კი არ შეუქმნიათ, რაც მათ პრინციპებთან წინააღმდეგობაში იქნებოდა. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიდიოდნენ და ამ წინააღმდეგობაში იშვნენ ჭეშმარიტ მხატვრებად. ახლა, როცა ისინი ფიზიკურად დაგვშორდნენ, მათი მთელი ცხოვრება და შემოქმედება მოწმობს პროფესიულ და პიროვნულ თავგანწირვას. ეს ის ხუთი არტისტია, რომლებიც თამამად შეიძლება წარუდგინო მსოფლიოს. ნიჭით შემკული ხუთი ქალბატონი, ვინც მეოცე საუკუნის საქართველოს ხელოვნებაში საკუთარი მონეტა მოჭრა! ალბათ დადგა დრო, როცა ხელოვანები წმინდა ნიჭიერებით, რეალური მონაპოვრებით უნდა შეფასდნენ და არა სიცოცხლეში მოპოვებული გავლენებითა და პოლიტიკურ ელიტასთან შეხმატკბილებით განაღდებული „უკვდავების დივიდენდებით“?!
ახალი თაობის ქართველ ხელოვნების ისტორიკოსებსა და არტკრიტიკოსებს უაღრესად საპასუხისმგებლო დასკვნებისა და გადაწყვეტილების გამოტანა მართებთ, ნამდვილისა და რიოშის ერთმანეთისგან გამორჩევა, მარადისობის წინაშე პირნათლად დგომა.
მხოლოდ ასეა შესაძლებელი ევროპულ სტანდარტთან დაახლოება და სამართლიანობაზე დამყარებული ქვეყნის აშენება, რამაც ჩვენი საზოგადოების შემდგომი განვითარება და პროგრესი უნდა უზრუნველყოს.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან